ფეხბურთი

16:00 | 21.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

კამერუნელთა გასაჭირი აფრიკის თასის წინ

კამერუნის ნაკრები აფრიკის ეროვნებათა თასის 2017 წლის გათამაშებას პრობლემებით ხვდება. ევროპულ კლუბებში მოთამაშე შვიდი ფეხბურთელი ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ტურნირში მონაწილეობაზე უარს ამბობს, კამერუნის ფეხბურთის ფედერაცია კი მათ დასჯით ემუქრება.

ნაკრებში გამოცხადებაზე უარს ამბობენ: ჟოელ მატიპი (“ლივერპული”), ალან რომეო ნომი (“ვესტ ბრომვიჩი”), ანდრე ონანა (“აიაქსი”), გი ინდი ასემბე (“ნიცა”), მაქსიმ პუნჟი (“ბორდო”), ანდრე ზამბო ანგისა (“მარსელი”), იბრაჰიმ ამადუ (“ლილი”).

“ეს ფეხბურთელები პირად ინტერესებს ეროვნული ნაკრების ინტერესებზე მაღლა აყენებენ. კამერუნის ფეხბურთის ფედერაცია უფლებას იტოვებს მათ წინააღმდეგ მიიღოს ზომები ფიფას წესების შესაბამისად” - აცხადებს კამერუნის ნაკრების მთავარი მწვრთნელი უგო ბროსი.

თუკი კამერუნის ფეხბურთის ფედერაცია ამ საკითხზე ფიფას მიმართავს, ნაკრებში თამაშზე უარის მთქმელ ფეხბურთელებს აფრიკის თასის მიმდინარეობის პერიოდში საკლუბო მატჩებში მონაწილეობა აეკრძალებათ.

აფრიკის თასის გათამაშება 14 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით გაბონში გაიმართება. კამერუნის ნაკრები A ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქეები გვინეა-ბისაუს, ბურკინა-ფასოსა და ტურნირის მასპინძელი გაბონის ეროვნული ნაკრებები იქნებიან.

0.113762