ფეხბურთი

3:15 | 20.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: “ბილბაომ” “სელტა” ბოლოსკენ გატეხა

ლა ლიგის მე-16 ტურის დასკვნითი შეხვედრა “სან მამესზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “ბილბაომ” ვიგოს “სელტას” უმასპინძლა და 3 ქულის მოპოვება 93-ე წუთზე მოახერხა.

უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ სტუმრები 54-ე წუთზე შესანიშნავ ფორმაში მყოფმა იაგო ასპასმა დააწინაურა, რომელმაც მიმდინარე ლა ლიგაში მე-10 გოლი გაიტანა, კრიშტიანო რონალდუს გაუტოლდა და მხოლოდ ლუის სუარესს და ლიონელ მესის ჩამორჩება. “სელტასთვის” მე-80 წუთამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა, თუმცა ერთმა ეპიზოდმა ყველაფერი შეცვალა: ფაკუნდო რონკალიამ საკუთარ საჯარიმოში ინიაკი უილიამსი წააქცია, რასაც პენალტის დანიშვნის გარდა, არგენტინელის მეორე გაფრთხილება და გალისიელების 10 კაცით დარჩენა მოჰყვა. 11-მეტრიანი არიც ადურისმა შეასრულა ზუსტად და ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 93-ე წუთზე მცველებისგან უმეთვალყურეოდ დარჩენილმა მიკელ სან ხოსემ საკუთარი შანსი გამოიყენა და ლამაზი გოლით “ბილბაოს” მოაგებინა – 2:1.

ბასკური კლუბი 26 ქულით მე-7 ადგილს იკავებს, ხოლო “სელტა” 21 ქულით მე-13 პოზიციაზეა.

ბილბაო – სელტა 2:1 (0:0)

ბილბაო, “სან მამესი”

ბილბაო (4-2-3-1): არიზაბალაგა, ი.ალვარესი, ბოვედა, ბალენსიაგა, ლეკუე, ვესგა (სან ხოსე 46), ბენიატი, რ.გარსია (მერინიო 73), მუნიაინი (სუსაეტა 63), უილიამსი, ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

სელტა (4-3-3): ბლანკო, რონკალია, კაბრალი, მალიო, ხონი, პ.ერნანდესი, რადოია, ვასი, ბონგონდა (სისტო 86), ასპასი (ს.გომესი 82), გუიდეტი (მ.დიასი 71).
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

გოლები: 0:1 ასპასი (54), 1:1 ადურისი (82 პენ.), 2:1 სან ხოსე (93)
გაფრთხილებები: ვესგა, რ.გარსია, ლეკუე, ი.ალვარესი – პ.ერნანდესი, გუიდეტი, რონკალია
გაძევება: რონკალია (80)
მსაჯი: ხუან მარტინეს მუნუერა

თეგებილა ლიგა
0.130124