ფეხბურთი

17:36 | 19.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

"დინამომ" აკადემიის ოთხი ფეხბურთელი დააწინაურა

დინამო თბილისმა აკადემიის ოთხ ფეხბურთელთან სრულფასოვანი პროფესიონალური კონტრაქტები გააფორმა. როგორც კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, ახალი სეზონიდან დედაქალაქური გუნდის ფორმას მცველები ლუკა ლოჩოშვილი და დავით კობოური, ნახევარმცველი ნიკა ნინუა და შემტევი გიორგი ზარია მოირგებენ. მათ თბილისურ კლუბთან ხელშეკრულება სამი სეზონით გააფორმეს.

ოთხივე ფეხბურთელი "დინამოს" აკადემიის აღზრდილია და 2013 წლის შემდეგ ეს აკადემიის პირველი გამოშვებაა. ახალგაზრდებმა გარდამავალ ჩემპიონატში რამდენიმე მატჩის ჩატარებაც მოასწრეს და გულშემატკივარს თავიც დაამახსოვრეს. "დინამოს" პრესსამსახურისვე ცნობით, ახლო მომავალში კიდევ იგეგმება ახალგაზრდების დაწინაურება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში "დინამო" რამდენიმე გამოცდილმა მოთამაშემ დატოვა, გუნდიდან წავიდნენ: მეკარე ნუკრი რევიშვილი, მცველი რენე ფერეირა, ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაური და თავდამსხმელი ვლადიმერ დვალიშვილი.

0.116989