სიცილიური “პალერმო” ის გუნდია, რომელსაც სერია A-ში ერთადერთი მოგება ჰქონდა, ისიც 21 სექტემბრით თარიღდებოდა. იმის შემდგომ კუნძულელებმა 11 თამაში ჩაატარეს და მხოლოდ და მხოლოდ კინკილა ქულა მოიპოვეს. XVII ტურში გენუაში, იმ “ჯენოას” ესტუმრა, რომელსაც შინ “იუვენტუსი” და “მილანი” ჰყავს წელს დამარცხებული და რომელსაც, “სტადიო მარასიზე” 8 თამაშიდან წაგება არ ჰქონდა, მხოლოდ 4 გოლი გაეშვა და ეს უკანასკნელი საუკეთესო შედეგი იყო მთელ ჩემპიონატში...
ივან იურიჩის “ჯენოა” აუტსაიდერ “პალერმოს” მთელი თამაში უგებდა, 69-ე წუთამდე 3:1, 88-ე წუთამდე კი, 3:2, მაგრამ... დარჩენილ დროში ეუჯენიო კორინის გუნდმა გნებავთ პატარა დაარქვით, გნებავთ დიდი, სასწაული მოახდინა და თამაში მოიგო – 4:3.
ანუ, გამოვიდა, რომ “ჯენოამ”, რომელსაც რვა თამაშში 4 გოლი ჰქონდა სახლში ოდენ გაშვებული, ღრმა აუტსაიდერ “პალერმოსგან” გაუშვა იგივე რაოდენობის გოლები... ისიც აღსანიშნავია, რომ სიცილიელებს მიმდინარე სეზონში საკუთარ მოედანზე ერთი ქულაც არ მოუპოვებიათ.