ფეხბურთი

2:25 | 18.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

დღის გმირები სერია A-ში: იგუაინი და მჭედლიძე (+VIDEO)
"იუვენტუსი" ზამთრის ჩემპიონია, მჭედლიძემ სერია A-ში 19 თვის შემდგომ გაიტანა

იტალიის სერია A-ს XVII ტურის პირველ სათამაშო დღეს ორი გმირი ჰყავდა – გონსალო იგუაინი და ლევან მჭედლიძე. ჯერ, ტურის ცენტრალური მატჩით დავიწყოთ, რომელშიც “იუვენტუსმა” “რომა” მიიღო და ზამთრის ჩემპიონობა ოფიციალურად გაინაღდა.

მატჩამდე “რომას” ბანაკიდან ბევრს კი იქადნებოდნენ ტურინში ჩვენი გამარჯვების დრო მოვიდაო, მაგრამ ფაქტია, “იუვენტუსი” იტალიაში ყველაზე და ყველაფერზე ერთი თავით მაღლა დგას. “ბებერმა ქალბატონმა” ზუსტად ისე ითამაშა დედაქალაქელთა წინააღმდეგ, როგორც საჭირო იყო და დამსახურებულად მოიგო. რომ არა ვოიცეხ შჩესნი სხვაობა უფრო დიდიც იქნებოდა. განსაკუთრებით ბოლოსკენ შეეძლოთ მასპინძლებს გატანა, რამდენჯერმე. შეხვედრის ერთადერთი გოლი კი, მე-14 წუთზე გონსალო იგუაინმა გაიტანა: დანიელე დე როსის ბურთი მოპარა და საჯარიმოს მისადგომებიდან ისე ძლიერად და კოხტად დაარტყა, როგორც იმ ფეხბურთელს შეშვენის, რომელშიც 90 მილიონია გადახდილი. ამის შემდგომ “იუვემ” მეტოქეს სადავეები დაუთმო, თუმცა ტურინული გრანდის ფანტასტიური დაცვის ხაზის გამოისობით “ჯალოროსის” რეალური საგოლე მომენტი მთელ თამაშში არ შეუქმნია. ეგ კი არა, მეორე ტაიმში სტეფანო სტურაროს სტუმართა კიპერმა ორჯერ სასწაული ბურთი აუღო, ერთხელ დიბალასაც არ დაანება გატანა.

“იუვენტუსმა” “რომასთან” ქულათა სხვაობა შვიდამდე გაზარდა და შობას ლიდერის პოზიციაზე შეხვდება. რაც იმას ნიშნავს, რომ ზამთრის ჩემპიონი მასიმილიანო ალეგრის გუნდია. და ეს იმისდა მიუხედავად, რომ “იუვე” 2016 წლის ბოლო ტურს გამოტოვებს “კროტონესთან”. ამის მიზეზი იტალიის სუპერთასია, რომელიც დოჰაში 23 დეკემბერს გაიმართება და “იუვეს” მეტოქე “მილანი” იქნება. სხვათა შორის, 2016 წელი ვახსენეთ და ვთქვათ, რომ ამ წელიწადში “ბებერმა სინიორმა” იტალიის ჩემპიონატში 100(!) ქულა დააგროვა. გარდა ამისა, თავისავე რეკორდი გაიმეორა, რომელიც 2013 წლის აგვისტოდან 2014 წლის ნოემბრამდე დაამყარა. სერია ა-ში საშინაო მატჩების მოგებების სერია: ტურინელებს ზედიზედ 25 თამაში აქვთ შინ მოგებული. სერია 2015 წელს დაიწყო. ბოლოს “იუვენტუს სთედიუმზე” გასული წლის 23 აგვისტოს “უდინეზემ” მოიგო...

“რომას” მარცხით კარგი შანსი ჰქონდა ესარგებლა და ქულებით გატოლებოდა “მილანს”, მაგრამ ვინჩენცო მონტელას გუნდმა მორიგი უფერული ფეხბურთი აჩვენა. ლომბარდიელებმა შინ ბერგამოს “ატალანტასთან” ღირებული ვერაფერი შექმნეს და იქეთ გადაურჩნენ მარცხს – 0:0. ისე კი, აღვნიშნოთ, რომ “მილანმა” საკუთარ მოედანზე მეშვიდე წაუგებელი თამაში ჩაატარა (5 მოგება, 2 ფრე) და ასეთი ხანგრძლივი პოზიტიური სერია 2013 წლის მერე აღარ ჰქონია.

და ბოლოს, ტურის გახსნით მატჩზეც ვთქვათ, რომელშიც ჩვენთვის ძალზე სასიამოვნო ამბები დატრიალდა. “ემპოლის” ძირითად შემადგენლობაში ზედიზედ მეორედ მოხვდა ლევან მჭედლიძე და ტოსკანელებმა სამი ქულა რომ მოიპოვეს, პირადად ლევანის დამსახურებაა. ქართველმა მერვე და 72-ე წუთზებზე დალაშქრა სარდინიული “კალიარის” კარი. სხვათა შორის, “ემპოლიმ” მთელი თამაში კარის ჩარჩოში ორჯერ დაარტყა, ორჯერვე მჭედლიძემ და ორჯერვე ზუსტად! ეს ლევანის პირველი გოლები იყო კალჩოში 2015 წლის 15 მაისის შემდგომ. იმედია, ქართველო ფორვარდი ასე გააგრძელებს და გოლებს აღარ დაგვანატრებს. ყოველშემთხვევაში როოგრც თვითონ თქვა მატჩის შემდგომ ხსენებული მატჩი უკვე წარსულია და უკეთესის იმედი აქვს. რაც მთავარია, ჩვენებურს უკვე ემპოლელთა თავკაცი ჯოვანი მარტუსკიელოც ენდობა. სხვათა შორის, მჭედლიძე “ემპოლის” თანაბომბარდირია მიმდინარე სეზონში მასიმო მაკარონესთან ერთად... ისიც ვთქვათ, რომ პირველი გატანილი გოლის შემდეგ ლევანმა სელფი თანაგუნდელებთან ერთად (მათ შორის, რომან ჭანტურიაც იყო) გადაიღო, რითაც მთელ იტალიას ფრანჩესკო ტოტი გაახსენა... “ემპოლიმ” კი ამ გამარჯვებით სატურნირო მდგომარეობა ოდნავ გამოიკეთა. ახლა გასავარდნ ზონას 5 ქულითაა მოცილებული. ისიც აღსანიშნავია, რომ ტოსკანელებმა შინ 6 მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულეს.

“ემპოლი” – “კალიარი” 2:0 (1:0) VIDEO

ემპოლი, “კარლო კასტელანი”

მაყურებელი: 10 000

“ემპოლი” (4-3-1-2): სკორპუსკი; ძამბელი (კოშიჩი 25), ბელუსკი, კოსტა, პასკუალი (დი მარკო 24); კრუნიჩი, დიუსიე, კროჩე; საპონარა; მჭედლიძე (ჯილარდინო 82), მარილუნგო

მწვრთნელი: ჯოვანი მარტუსკიელო

“კალიარი” (4-3-1-2): სტორარი; ისლა, ჩეპიტელი, ბრუნო ალვეში, პისაჩენე; დესენა (ჟოაო პედრო 69), პადოინი, ბარელა (დი ჯენარო 51); ფარიასი; საუ (ჯანეტი 60), მელკიორი

მწვრთნელი: მასიმო რასტელი

გოლები: 1:0 მჭედლიძე (8), 2:0 მჭედლიძე (72)

გამოუყენებელი პენალტი: ჟოაო პედრო (81, მეკარე)

გაფრთხილება: საპონარა (14), კოსტა (35), კრუნიჩი (42), მარილუნგო (45), მჭედლიძე (65), ჯილარდინო (90) – პადოინი (6), მელკიორი (44), დესენა (56), ფარიასი (57), ისლა (71)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (2) – 9 (2) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 3:2 თამაშგარე: 5:5

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი

“მილანი” – “ატალანტა” 0:0 (0:0) VIDEO

მილანი, “სან სირო”

მაყურებელი: 41 000

“მილანი” (4-3-3): დონარუმა; ააბატე, პალეტა, რომანიოლი, ანტონელი (დე შილიო 72); კუცკა, ბერტოლაჩი, პაშალიჩი; სუსო, ლაპადულა (ბაკა 82), ბონავენტურა (ნიანგი 87)

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

“ატალანტა” (3-4-1-2): სპორტიელო; ტოლოი, კალდარა, მაზიელო (ძუკანოვიჩი 58); კონტი, კესიე, გალიარდინი, სპინაცოლა (ფროილერი 70); კურტიჩი (დრამე 65); პეტანია, გომესი

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

გაფრთხილება: ბონავენტურა (27), ბერტოლაჩი (64), პაშალიჩი (74) – სპინაცოლა (25), მაზიელო (36), კონტი (80), პეტანია (87), გომესი (90), სპორტიელო (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (3) - 14 (4) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 7:3 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: დავიდე მასა

“იუვენტუსი” – “რომა” 1:0 (1:0) VIDEO

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”

მაყურებელი: 39 000

“იუვენტუსი” (4-3-1-2): ბუფონი; ლიხშტაინერი (ბარძალი 68), რუგანი, კიელინი, ალექს სანდრო; ხედირა, მარკიზიო, სტურარო; პიანიჩი (კუადრადო 51); მანჯუკიჩი, იგუაინი (დიბალა 82)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“რომა” (4-3-3): შჩესნი; რუდიგერი, მანოლასი (ბრუნო პერესი 85), ფაციო, ემერსონი; დე როსი (ელ შაარავი 72), სტროტმანი, ნაინგოლანი; ჟერსონი (სალაჰი 46), ჯეკო, პეროტი

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

გოლი: 1:0 იგუაინი (14)

გაფრთხილება: რუგანი (26), ალექს სანდრო (78), სტურარო (90) – დე როსი (12), ჯეკო (16), ჟერსონი (28), ნაინგოლანი (89), რუდიგერი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (6) – 10 (2) ბურთის ფლობა: 40%-60% კუთხურები: 5:8 თამაშგარე: 3:0

მსაჯი: დანიელე ორსატო

ბომბარდირები: ედინ ჯეკო (“რომა”) – 12 გოლი, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 12, ანდრეა ბელოტი (“ტორინო”) – 11, გონსალო იგუაინი (“იუვენტუსი”) – 10, ჩირო იმმობილე (“ლაციო”) – 9, მოჰამედ სალაჰი (“რომა”) – 8, ნიკოლა კალინიჩი (“ფიორენტინა”) – 8.

თეგებისერია A
0.431675