ძიუდო

21:25 | 17.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

"საგარეჯოს” ოქროს დებიუტი "ოქროს ლიგაში”

ძიუდოს კლუბი "საგარეჯო სუპერსტარსი” ევროპაში უძლიერესია. საქართველოს ნაკრების წევრებით დაკომპლექტებულმა და აზერბაიჯანისა და საბერძნეთის ნაკრების ძიუდოისტებით გაძლიერებულმა გუნდმა, რომელმაც ოქროს ლიგაში პირველად იჭიდავა, ოქროს დებიუტი გროზნოში მოიწყო.

ჩეჩნეთის დედაქალაქში დღეს გამართულ პრესტიჟულ ტურნირზე უმაღლესი ტიტულისკენ მიმავალ გზაზე "საგარეჯომ” სამი გამარჯვება მოიპოვა. შეჯიბრება ლისაბონის "სპორტინგთან” დაპირისპირებით გახსნა და 3:2 იმარჯვა. ნახევარფინალში გერმანიის "აბენსბერგს” გამანადგურებელი ანგარიშით – 5:0 აჯობა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი სანქტ პეტერბურგის "იავარა ნევას” მოუგო 3:2. "ოქროს ლიგის” ჩემპიონის ბედი მძიმეწონოსანთა შეხვედრამ გადაწყვიტა – მძიმეწონოსანთა რკენაში ლევან მატიაშვილი რენატ საიდოვს ეფექტური იპონით გაუსწორდა.

ფინალურ შეხვედრაში, "საგარეჯოს” სახელით იჭიდავეს: ნიჯათ შიხალიზადემ (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ), რომან მუსტოპულოსმა (81 კგ), ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ) და ლევან მატიაშვილმა (+90 კგ).

შეჯიბრებაში სულ 8 კლუბი ჩაერთო, მათ შორის კიდევ ორი კლუბი საქართველოდან: "ოქროს ლიგის” შარშანდელი ჩემპიონი "მებრძოლი” და ლიგის დებიუტანტი "შევარდენი 2005”.

წილისყრამ "მებრძოლი” და "შევარდენი 2005” სატურნირო ბადის ერთ მხარეს მოახვედრა. მათი გზები ერთმანეთს ნახევარფინალში კვეთდა. ქართული კლუბების დაპირისპირება ჩეჩნურ ტატამზე მართლაც გაიმართა, ოღონდ არა ძირითად ბადეში, არამედ რეპეშაჟში. მეოთხედფინალის დაძლევა ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო. "მებრძოლმა” ოქრო-ვერცხლის შანსი რუსულ "ნალჩიკთან” მარცხით (2:3) დაკარგა, ხოლო "შევარდენი” 2005”-მა - "იავარა ნევასთან” (2:3).

ქართული ჯახი "მებრძოლის” გამარჯვებით (4:1) დასრულდა. "ბრინჯაოს ფინალში” კი შარშანდელმა ჩემპიონმა აბენსბერგს სძლია – 4:1 და "სპორტინგთან” ერთად მესამე ადგილზე გავიდა.

დღესვე, "ოქროს ლიგაში” ჩემპიონ-პრიზიორები ქალებმაც გამოავლინეს. პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე გერმანიის "სპეიერი” ავიდა, ფინალში ავსტრიის "ვენა სამურაის” ძლევით (4:1). მესამე საპრიზო ადგილები თურქეთის "გალათასარაიმ” და საფრანგეთის "ჩემპიონმა” დაიკავეს.

0.116553