ფეხბურთი

1:54 | 17.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ჰოფენჰაიმი" ისევ არ აგებს, "დორტმუნდი" - ვერ იგებს (+VIDEO)

გერმანიის ბუნდესლიგის XV ტური ზინსჰეიმში ძალზე საინტერესო მატჩით დაიწყო. “ჰოფენჰაიმმა” დორტმუნდი “ბორუსია” მიიღო და კვლავაც დაუმარცხებელმა დატოვა მოედანი. თუმცა, ვერც მოიგო.

“დორტმუნდმა” კი, ქულა რომ გადაარჩინა, უთუდო უსმან დემბელეს დამსახურებაა, რომელსაც გოლი არ გაუტანია, მაგრამ ორი ისეთი საგოლე გადაცემა გააკეთა, ბარე-ორ გოლს რომ სჯობდა. შეხვედრა მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და უკვე მე-3 წუთზე მარკ უტმა “სოფლელები” წინ გაიყვანა. აღსანიშნავია, რომ იგი რომან ვაინდეფელერთან ერთი-ერთზე დარჩა, მაგრამ გამოცდილ მეკარეს ამ ეპიზოდში უკეთ გარჯაც შეეძლო. სტუმრებმა მალევე გაათანაბრეს: დემბელეს გარღვევას და ჩინებულ პასს მარიო გიოტცეს გოლი მოჰყვა.

პირველი ტაიმის დარჩენილ ნაწილში კი, მოვლენები მხოლოდ იულიან ნაგელმსანის გუნდის სასარგებლოდ განვითარდა – ჯერ, სანდრო ვაგნერმა ხელმეორედ დააწინაურა “ჰოფე”, მერე ტაიმის მიწურულს, ამირისთან უხეშობისთვის მარკო როისმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი პირველივე ტაიმში დატოვა. სხვათა შორის, როისს ბუნდესლიგაში 209 თამაში აქვს ჩატარებული და წითელი ბარათი პირველად დღეს მიიღო.

თითქოს, კაცნაკლულ მეტოქესთან კარგ ფორმაში მყოფ “ჰოფენჰაიმს” 3 ქულამდე უნდა მიეყვანა საქმე, მაგრამ ვერ შეძლო ამის გაკეთება. არადა, ძალზე დასანანი გოლი გაუშვა 48-ე წუთზე: “სოფლელები” უტევდნენ და ვაგნერმა კარშიც დაარტყა, ოღონდ ბურთი ძელს მოხვდა. ტომას ტუხელის გუნდმა კი ტყავის სფერო ხელთ იგდო და დიდებული კონტრშეტევა განავითარა, რომელშიც დემბელეს შესანიშნავი გადაცემა პიერ-ემერიკ ობამეიანგზეა გამოსარჩევი. გაბონელმაც დამაგვირგივნებელ ფაზაში ცივსისხლიანად იმოქმედა და – 2:2. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა. აღსანიშნავია, რომ ობამეიანგი ბუნდესლიგის ისტორიაში გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც ზედიზედ ორ სეზონში მოახერხა საწყის 15 ტურში 16 ან მეტი გოლის გატანა.

“ჰოფენჰაიმს” 27 ქულით მესამე ადგილი უკავია, “დორტმუნდს” კი ერთით ნაკლები აქვს და მეხუთეა. საგულისხმოა, რომ ტოპ 5 ჩემპიონატში “ჰოფე” ერთადერთია, რომელსაც თამაში ჯერაც არ წაუგია.

“ჰოფენჰაიმი” – “დორტმუნდი” 2:2 (2:1) VIDEO

ზინსჰეიმი, “ვირსოლ არენა”

მაყურებელი: 30 150

“ჰოფენჰაიმი” (3-5-2): ბაუმანი; სულე, ვოგტი, ჰუბნერი; კადერაბეკი, დემირბაი (ატიკი 61), რუდი, ამირი, ტოლიანი; ვაგნერი, უტი (კრამარიჩი 58)

მწვრთნელი: იულიან ნაგელსმანი

“დორტმუნდი” (4-1-4-1): ვაინდეფელერი; გინტერი, ბენდერი, ბარტრა, შმელცერი; ვეიგლი, პულიშიჩი (რამოსი 83), დემბელე (მორი 69), გიოტცე, როისი; ობამეიანგი (მერინო 90)

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

გოლები: 1:0 უტი (3), 1:1 გიოტცე (11), 2:1 ვაგნერი (20), 2:2 ობამეიანგი (48)

გაფრთხილება: სულე (30), ჰუბნერი (39), დემირბაი (58), რუდი (86), ვოგტი (86) - როისი (9, 41), ბარტრა (27)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (5) – 14 (4) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 2:4 თამაშგარე: 4:1

მსაჯი: ბენჟამინ ბრანდი

ბომბარდირები: პიერ-ემერიკ ობამეიანგი (“დორტმუნდი”) – 16 გოლი, ენტონი მოდესტე (“კიოლნი”) – 12, რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”) – 11, სანდრო ვაგნერი (“ჰოფენჰაიმი”) – 8, ტიმო ვერნერი (“ლაიპციგი”) – 8, ვედად იბიშევიჩი (“ჰერტა”) – 8.

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.141992