ფეხბურთი

12:00 | 16.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზღაპრული კონტრაქტი ჩინეთიდან - მესის პელეგრინი ეპატიჟება

ჩინური კლუბები არაერთი ცნობილი ფეხბურთელის გადაბირების შემდეგ მეგავარსკვლავებსაც მიადგნენ. როგორც ესპანური AS-ი იტყობინება, “ჰებეი ჩაინა ფორჩუნი” არც მეტი არც ნაკლები “ბარსელონას” შემტევის ლიონელ მესის გადაბირებას ცდილობს და რა თქმა უნდა, ზღაპრულ პირობებსაც სთავაზობს. თუკი არგენტინელი აზიაში გადაბარგებას მოისურვებს, ხუთი წლის განმავლობაში საკუთარ ბიუჯეტს 500 მილიონ ევროს შემატებს - ანუ წლიური 100 მილიონი სუფთად, გადასახადების გარეშე.

ჩინური კლუბის ხელმძღვანელები იმედოვნებენ, რომ მესისა და “ბარსელონას” შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე შეუთანხმებლობით ისარგებლებენ. 29 წლის ფეხბურთელს, რომელსაც მთელი კარიერა კატალონიელთა შემადგენლობაში გაუტარებია, კლუბთან ხელშეკრულება 2018 წლის 30 ივნისს ეწურება და “ბარსელონამ” ახალი კონტრაქტიც შესთავაზა - ხელფასის ამჟამინდელი წლიური 24 მილიონიდან 35 მილიონ ევრომდე გაზრდით, თუმცა მესი მასზე ხელის მოწერას არ ჩქარობს.

“ჰებეი ჩაინას” აგვისტოს ბოლოდან, მადრიდის “რეალისა” და “მანჩესტერ სიტის” ყოფილი თავკაცი, მანუელ პელეგრინი წვრთნის. ამ გუნდში თამაშობს მესის თანამემამულე ეზეკიელ ლავეცი. პელეგრინის განკარგულებაში ასევე არიან ჟერვინიო, გაელ კაკუტა და სტეფან მბია, რომელთაც ევროპულ კლუბებში გამოუჩენიათ თავი. ჩინეთის წლევანდელი ჩემპიონატი “ჰებეი ჩაინამ” მეშვიდე ადგილზე დაასრულა.

0.116966