ფეხბურთი

18:54 | 15.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფიფას (რ)ევოლუცია – 48 გუნდი და არცერთი ფრე მუნდიალზე

მსოფლიო ფეხბურთის მმართველი უწყება, ფიფა მუნდიალების ფინალურ ეტაპზე ცვლილებებს გეგმავს. “კორიერე დელა სერას” ინფორმაციით, შესაძლებელია მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მატჩები ფრედ აღარ დასრულდეს. კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ ჯგუფში რომელიმე თამაში საყაიმო ანგარიშით დასრულდება, გუნდები დამატებითი დროის გარეშე პენალტების სერიას გაითამაშებენ და გამარჯვებულს აუცილებლად გამოავლენენ. ამის მიზეზი კი, უმოტივაციო და გარიგებული მატჩების წინააღმდეგ ბრძოლაა.

ფიფა აღნიშნულ საკითხზე 9 და 10 იანვარს, აღმასკომის სხდომაზე იმსჯელებს. იმავე დღეს განხილვის საგანი იქნება გუნდების რაოდენობის გაზრდა 32-დან 48-მდე. თუ მართლაც ასე მოხდა და მუნდიალის ფინალურ ეტაპზე 48 ნაკრები დაუშვეს, მაშინ 16, სამგუნდიანი ჯგუფი შეიქმნება.

რაც შეეხება ე.წ უმოტივაციო მატჩებს – ასეთი შემთხვევები არაერთხელ ყოფილა: 1978 წლის მუნდიალზე არგენტინამ პერუს ზუსტად იმ ანგარიშით მოუგო, რაც ჯგუფიდან გასასვლელად აწყობდა (6:0). ევრო 2004-ის ბოლო ტურში კი, შვედეთმა დანიას გოლი 89-ე წუთზე გაუტანა და 2:2 დაფიქსირდა. ამ ანგარიშით ჯგუფიდან ორივე ნაკრები გავიდა, სამაგიეროდ იტალიის ნაკრები ჩარჩა ჯგუფში. სხვა მსგავსი საეჭვო მატჩებიც ფინალურ ეტაპებზე არაერთი ყოფილა...

თეგებიფიფა
0.111897