იაპონიაში მიმდინარე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მეორე ფინალისტიც გამოვლინდა. უეფა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მადრიდის “რეალი” ტურნირში დღეს, ნახევარფინალიდან ჩაერთო და მექსიკის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი “ამერიკა” 2:0 დაამარცხა.
ზინედინ ზიდანის გუნდის სრული უპირატესობის მიუხედავად, კონკაკაფის გამარჯვებულმა ევროპელთა შეტევებს პირველი ტაიმის მიწურულამდე გაუძლო და კარი მშრალად შეინახა, თუმცა შესვენებაზე გასვლის წინ ანგარიში მაინც გაიხსნა - კროოსის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ “რეალი” ქარიმ ბენზემამ დააწინაურა. პირველი 45-წუთეულის მსგავსი სცენარით წარიმართა მეორე ტაიმიც, “რეალს” მატჩის სადავეები მშვიდად ეპყრა ხელთ, გამარჯვება ეჭვქვეშ არ დაუყენებია და მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში კრიშტიანუ რონალდუმაც გაიტანა, რომელიც კარგი პასით ხამეს როდრიგესმა შეატოვა მეკარეს.
18 დეკემბერს, საკლუბო მუნდიალის ფინალში მადრიდელები იაპონურ “კაშიმა ანთლერსს” დაუპირისპირდებიან. ტურნირის მასპინძლებმა ტიტულისთვის ბრძოლა პირველი ეტაპიდან დაიწყეს და ფინალამდე ჯერ ოკეანეთის ჩემპიონ ახალზელანდიურ “ოკლენდ სიტის” აჯობეს (2:1), მეოთხედფინალში აფრიკის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, სამხრეთაფრიკული “მამელოდი საუნდერსი” დაამარცხეს - 2:0, ხოლო ნახევარფინალში ლიბერტადორესის თასის მფლობელი, კოლუმბიური “ატლეტიკო ნასიონალი” - 3:0.
18 დეკემბერსვე, მესამე ადგილისთვის “ატლეტიკო ნასიონალი” და “ამერიკა” იბრძოლებენ.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე საკლუბო მუნდიალი ისტორიაში ფიფას ეგიდით გამართული პირველი ტურნირია, სადაც მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია ვიდეომსაჯის სისტემას ცდის. გულშემატკივარმა ეს სიახლე საქმეში “კაშიმასა” და “ატლეტიკოს” ნახევარფინალურ დაპირისპირებაში იხილა, როცა შეხვედრის 33-ე წუთზე მსაჯმა ვიქტორ კაშაიმ იაპონელი ფეხბურთელის წაქცევისთვის პენალტი ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ დანიშნა. ასევე გადაამოწმა დღევანელ მატჩში რონალდუს გოლი ენრიკე კასერესმა, რომელიც თამაშგარეს ეჭვობდა და ვიდეორეფერის გამოყენებით დარწმუნდა, რომ გოლი წესის დაცვით გავიდა.
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალი
ამერიკა (მექსიკა) - რეალი (ესპანეთი) 0:2 (0:1)
15 დეკემბერი. იოკოჰამა. Nissan Stadium
ამერიკა: მუნიოსი, გოლცი, პაბლო აგილარი, სამუდიო, ვალდესი, ალვარადო (54. გერერო), უილიამ და სილვა, სამბუესა, იბარა (62. კინტერო), პერალტა, რომერო (70. აროიო)
მწვრთნელი: რიკარდო ლა ვოლპე
რეალი: ნავასი, მარსელო, ნაჩო, კარვახალი, ვარანი, მოდრიჩი, კროოსი (72. ხამესი), კაზემირო, რონალდო, ბენზემა (80. მორატა), ლუკას ვასკესი
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი
გოლები: 0:1 ბენზემა (45+2), 0:2 რონალდუ (90+3)
გაფრთხილება: სამბუესა (21) - ნაჩო (90+1)
მსაჯი: ენრიკე კასერესი (პარაგვაი)