ფეხბურთი

16:15 | 15.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მაკარიძე: "პორტუგალიაშიც ყველამ ყველაფერი იცის..."

ერთ-ერთი იშვიათი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ევროპის ძლიერ ლიგაში თამაშობს და პრაქტიკის ნაკლებობას არ განიცდის, გიორგი მაკარიძეა. პორტუგალიის ლიგა, მიუხედავად იმისა, რომ წამყვან კლუბებსა და დანარჩენ გუნდებს შორის დიდი სხვაობაა, მაინც საკმაოდ ძლიერია.

მაკარიძე "მორეირენსეს" მეკარე გახლავთ. "მორეირენსე" ცხრილის ქვედა ნაწილშია, თავად გიორგის 13 მატჩში 20 გოლი აქვს გაშვებული. როგორც იცით, მაკარიძეს ნაკრებში იძახებენ, თუმცა თამაშმა ჯერ არ მოუწია... ნაკრებში 17 წლის ასაკში იდგა, როცა გუნდს კლაუს ტოპმიოლერი წვრთნიდა:

მაკარიძეს პორტუგალიაში შევეხმიანეთ:

- სტაბილურად თამაშობ ძლიერ ლიგაში. ფიქრობ, რომ ეს საუკეთესო სეზონია შენთვის?

- ასე არ ვფიქრობ. საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ასეთი დონის ჩემპიონატში პირველ მეკარედ არასოდეს მითამაშია. ამ მხრივ კი გამორჩეულია სეზონი.

- რას გამოარჩევ პორტუგალიის ჩემპიონატში, მეკარისთვის რით არის საინტერესო?

- მაღალი დონის შემსრულებლები თამაშობენ, შემტევი პოტენციალი გაცილებით დიდია, ვიდრე დაცვითი. პირადად მე მერჩივნა, პირიქით ყოფილიყო, მაგრამ რას ვიზამ.

- საფრანგეთისა და პორტუგალიის ჩემპიონატებს შორის, სათამაშო დონის მხრივ, დიდი განსხვავებაა?

- ასე ვერ შევადარებ, რადგან საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში 2009/2010 წლების სეზონში ვიყავი, მას მერე კი დიდი დრო გავიდა. საფრანგეთში უფრო მაღალ დონეზეა აყვანილი ტაქტიკა და გაცილებით მეტი ყურადღება ექცევა დაცვას, ვიდრე პორტუგალიაში. ისე, პორტუგალიაშიც არის ერთი-ორი გუნდი, რომელიც დაცვაზეა აქცენტირებული, მაგრამ უმეტესობა მაინც შემტევ ფეხბურთს თამაშობს.

- ვის მიიჩნევ პორტუგალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად? და საუკეთესო მეკარედაც...

- ჯერ მეკარეებზე ვიტყვი, რომ იკერ კასილიასი წელს კარგ სეზონს ატარებს. ასევე ძლიერია "ბენფიკას" მეკარე ედერსონი. საერთოდ კი, "სპორტინგის" თავდამსხმელ ჟელსონ მარტინშს და "პორტუს" ფორვარდ ანდრე სილვას გამოვარჩევ. ერთი ჩემი თანაგუნდელიც უნდა დავასახელო, თავდამსხმელი დანიელ პოდენსე ძალიან ნიჭიერია. დარწმუნებული ვარ, დიდი კარიერა ელის.

- როგორი სტილისაა?

- "პორტუგალიელი მესია". ასე ეძახიან.

- საერთოდ, პორტუგალიურ მენტალიტეტს რამდენად შეეგუე?

- ქართველებს ჰგვანან. პორტუგალიაშიც ყველამ ყველაფერი იცის... მეგობრულებიც არიან სხვებთან შედარებით. და რაც მომწონს, საფრანგეთისგან განსხვავებით, ძალიან მორწმუნე ხალხია. ახალგაზრდობა ნაკლებად მორწმუნეა, მაგრამ უფროსი ასაკის ხალხს ეტყობა. ბევრი ეკლესიაა და ხალხიც მრავლად დადის.

0.126269