ფეხბურთი

12:40 | 15.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

უმაღლესი ლიგა, შეჯამება – ღირსეული ჩემპიონი და აზრთა სხვადასხვაობა

საქართველოს უმაღლესი ლიგის გარდამავალი ჩემპიონატი დასრულდა. გარდამავალი იმიტომ, რომ ახალი სეზონიდან ახალ ფორმატზე და ახალ სისტემაზე გადავა ჩვენი საფეხბურთო ჩემპიონატი. ამაზე ოდნავ მოგვიანებით, მანამდე კი, საქართველოს ახალი ჩემპიონი ჰყავს, საფეხბურთო კლუბი – “სამტრედია”.

WORLDSPORT.GE შეეცდება განიხილოს განვლილი სეზონი, ამა თუ იმ გუნდთა გამოსვლა, მათი შედეგები. მოკლედ, მივყვეთ ზემოდან...

ჩემპიონი – “სამტრედია”

ყველა თანხმდება, რომ პატარა იმერული ქალაქის გუნდი ღირსეული ჩემპიონია. პრინციპში თამაშის ხარისხს თავი რომ დავანებოთ, ამაზე მშრალი სტატისტიკური ციფრებიც მოწმობს: 14 თამაში, 9 მოგება, 4 ფრე, 1 წაგება, 31 გატანილი და 11 გაშვებული გოლი (ფინალური რაუნდის ჩათვლით). თუმცა, ისეც ვერ იქნება, რომ ხარისხს გვერდი ავუაროთ – გია ცეცაძის გუნდს ჯერ კიდევ წინა სეზონიდან მოყოლებული ეტყობოდა სხვებთან შედარებით პროგრესი. “სამტრედია” ალბათ, საქართველოში ერთადერთი გუნდია დღეს, რომელიც ევროპულ თუ არა, მასთან მიახლოებულ ფეხბურთს მაინც აჩვენებს. სხვა საქმეა რა იქნება მომავალში. ამაზე პასუხი ჯერ არავინ იცის. ფაქტია, რომ “სამტრედიას” ფეხბურთელთა ძირითად ბირთვს კლუბთან კონტრაქტები მიმდინარე თვის ბოლოს ეწურება. ამბობენ, რომ ბუდუ ზივზივაძე გუნდს დატოვებს. ფეხბურთელი, რომელმაც დიდად განაპირობა “მტრედების” ჩემპიონობა, პოლონეთისკენ იყურება. თუმცა, ერთი კვირის წინ ბუდუმ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯერ კონკრეტული არაფერია და იანვარში გაირკვევა ყველაფერიო. მის გარდა, წასვლის ყველაზე რეალური კანდიდატი ბაჩანა არაბულია, რომელიც თბილისის “დინამოს” საკუთრებაშია და დედაქალაქური გუნდი უკან უპირებს დაბრუნებას. რა გასაკვირია, ბაჩომაც ჩინებული სეზონი ჩაატარა. სხვა მხრივ კი, ალბათ, იმერეთში არ უნდა გაუჭირდეთ სხვების შენარჩუნება და ახალი კონტრაქტის გაფორმება. ამასთან, ყველა ვთანხმდებით, რომ გუნდი გაძლიერებასაც საჭიროებს. მარტო საქართველოს ჩემპიონობა ხომ არაა, გუნდს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს სახელის დაცვა მოუწევს...

რამ განაპირობა წარმატება? – როდესაც გია ცეცაძეს ვკითხე, ვის გამოარჩევდით ამ სეზონში-მეთქი, მახვილგონივრული პასუხი მივიღე: არავის, ჩვენი წარმატების მთავარი მიზეზი ერთსულოვნება და ერთმანეთისადმი სიყვარულიაო. ძნელია ამ სიტყვებში ეჭვი შევიტანოთ – “სამტრედიას” ერთი შეხედვითაც ეტყობოდა ყოველივე ეს და მეორეც, ფეხბურთში გუნდური ფაქტორი და ერთიანობა მართლაც ბევრს ნიშნავს. თუმცა, პირადად მე არ შემიძლია გვერდი ავუარო თავად მთავარ მწვრთნელს – ცეცაძე “სამტრედიაში” მაშინ მივიდა, როდესაც გუნდი აუტსაიდერთა შორის მიაზრებოდა. თუმცა მალევე სწორ მონახაზს მიაგნო და მუშაობას შეუდგა. გუნდი იმ ფეხბურთელებით დააკომპლექტა, რომელთაც ჩვენს ჩემპიონატში რატომღაც თავის გამოჩენის საშუალება ფაქტობრივად არ ეძლეოდათ. ამას ორი-სამი გამოცდილი ფეხბურთელიც დაუმატა და მწვერვალებს შეუტია. პირველივე სეზონში “სამტრედიამ” ვერცხლის მედალი მოიგო, მეორე სეზონში კი ყველამ კარგად ვიცით, ისტორია რომ დაწერა. არც ევროპა ლიგის საკვალიფკაციო ეტაპი დავივიწყოთ: კი მართალია, ცეცაძის გუნდი “გაბალასთან” 1:5 განადგურდა, მაგრამ შინ (პირობითად შინ, ზესტაფონში) მაინც მოუგო და სხვა თუ არაფერი, ეს “გაბალას” ერთადერთი მარცხი აღმოჩნდა ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო 6 მატჩში. გია ცეცაძეს “სამტრედიაში” თავისი კურსი აქვს აღებული და კარგი იქნება, თუკი ბოლომდე გვერდში დაუდგებიან შესაბამისი უწყებები და ადამიანები. როგორც მას არაერთხელ აღუნიშნავს ჩვენთან საუბარში, კარგი გუნდის ჩამოყალიბებას სამი წელი მაინც სჭირდება. ცეცაძე წელიწადნახევარია, რაც “სამტრედიაში” მუშაობს.

ევროზონა – დასავლური გავლენა

ამას წინათ, ერთმა ჩემმა მეგობარმა სოციალურ ქსელში იხურმა, ქართულ ფეხბურთს დასავლური კურსი აქვს აღებულიო... ხუმრობა კი იყო, მაგრამ ფაქტია, რომ დამდეგ ზაფხულს საქართველოს ოთხი გუნდი წარადგენს ევროტურნირებზე და ოთხივე დასავლეთის, მათ შორის, სამი იმერულია.

ჯერ ვიცე-ჩემპიონზე ვთქვათ: “ჩიხურამ” თავისი ჯგუფი ერთი ამოსუნთქვით განვლო და დამსახურებულადაც ითამაშა ფინალში. როგორც საჩხერელთა მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ წაგებული ფინალის მერე თქვა, მარცხში დიდი როლი სამტრედიაში ჩატარებულ პირველ ტაიმს მიუძღვისო. სიმართლეც თქვა – “ჩიხურამ” ორი გოლი მიიღო იმ 45 წუთში და მერე ძალზე გაუჭირდა თამაშის მობრუნება. ისე კი, ალალად რომ ვთქვათ, არც ფრუიძის გუნდი იქნებოდა უღირსი ჩემპიონი, უბრალოდ, ამჟამად “სამტრედია” ნამდვილად უფრო ძლიერი გამოდგა. “ჩიხურასთვის” წესით არც ვერცხლის მედალი უნდა იყოს ურიგო შედეგი. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ეს საუკეთესო შედეგია გუნდის ისტორიაში და ევროპა ლიგის საგზურიც მოიპოვა. წესით, ზემოიმერლებს შემადგენლობის შენარჩუნებაც არ უნდა გაუჭირდეთ. საბა ლობჟანიძისა და გიორგი რეხვიაშვილის გარდა, კლუბთან ყველას მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს.

გარდამავალი ჩემპიონატის საბოლოო შედეგების მიხედვით, ბათუმის “დინამო” მესამე ადგილზე გავიდა. მცირე ფინალში, აჭარლებმა თბილისში, “დინამოს” დამსახურებულად აჯობეს. თამაშითაც და ანგარიშითაც – ამ მოგებამ კი, ბათუმელებს მესამე ადგილი და ევროპა ლიგის საზგური მოუტანა. მესამე სეზონში მეორედ მოახერხა “დინამომ” ამის გაკეთება. და ამ დროს რა ხდება? – ბათუმში სტადიონი არაა. სტადიონს ვიღა ჩივის და სავარჯიშო ბაზაც... შესაბამისად, ორივე შემთხვევაში “დინამოს” მეზობელ ქობულეთში უწევს სიარული. არადა, სტადიონისა და ბაზის მშენებლობა თითქოს ახლო მომავალში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ სტადიონის აშენება ჯერაც არ დაუწყიათ მავანთ, ბაზა კი შეაჩერეს... ამის ფონზე, ბათუმის “დინამოს” შედეგი უდაოდ გმირობის ტოლფასია და იმედია, შესაბამისი ხალხი ამ ჩინებული ქალაქის გუნდს უსტადიონოდ არ დატოვებს – ბათუმში ფეხბურთი ძალიან უყვართ!

კიდევ ერთი გუნდი, რომელიც ევროასპარეზზე მოსინჯავს ძალებს, ქუთაისის “ტორპედოა” – ქუთათურებს ისეთი საშინელი სტარტი ჰქონდათ, ბევრი ფიქრობდა, გავარდებიანო. მერე, “ტორპედოში” კახა ჩხეტიანი მიიწვიეს და... უმაღლესში ადგილი ხომ თავისუფლად შეინარჩუნა, პლეი-ოფშიც გავიდა, სადაც უმოტივაციომ ბათუმის “დინამოსთან” შინ გაშვებული გოლით წააგო. ევროსაგზური კი, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მოგებით მოიპოვა. “ტორპედომ” თასზე დიდებულად იასპარეზა და დამსახურებულად გახდა გამარჯვებული. გამოსარჩევა, ნახევარფინალში, თბილისის “დინამოს” ძლევა მისსავე მოედანზე და რაღა თქმა უნდა, ფინალი მარტვილის “მერანთან”. პირთამდე სავსე “დავით აბაშიძეზე” ზესტაფონში – 2:1. ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპამდე ძალიან ადრეა და იმედია, “ტორპედო” შემადგენლობას გააძლიერებს. ამასთან, აუცილებელია, ქუთაისში, “რამაზ შენგელიას” სტადიონი მოწესრიგდეს, განსაკუთრებით მინდვრის საფარს მიეხედოს, თორემ ნამდვილად სავალალო იქნება “ტორპედომ” ევროთამაშები ქუთაისში კი არა, ზესტაფონში ჩაატაროს. იქ ისედაც ითამაშებენ დიდი ალბათობით ბათუმის “დინამო”, “სამტრედია” და “ჩიხურა” – მათი სტადიონები ხომ ევრო კი არა, ქართულ მოთხოვნებსაც ვერ აკმაყოფილებს (ბათუმის “დინამოს” საერთოდ არ აქვს, როგორც ზემოთ ვახსენეთ)...

მშრალზე დარჩენილები

ისტორიაში მეორედ მოხდა, რომ “დინამო” თბილისი ევროტურნირებს მიღმა დარჩა. 2011 წელს და ახლა. ზაფხულში ჩაგდებული ევროსარბიელის მერე “დინამოში” სიტუაცია რომ აირია, შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანდა. გუნდიდან გაუშვეს ყველა ლეგიონერი ეტაპობრივად (რენე ფერეირას გარდა), გაათავისფულეს იურაი იარაბეკიც. რომან ფიფიას გუნდი უკრაინელმა ვიაჩესლავ გროზნიმ ჩაიბარა. როგორც ითქვა, დაისახა სამწლიანი პროგრამა... მალე შედეგი არ მოდის და აღნიშნული პროგრამაც სწორი გათვლა უნდა იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ გრზონის პირველმა ნაბიჯებმა ვერ გაამართლა – “დინამომ” მცირე ფინალში წააგო, იმდენად ცუდად ითამაშა, რომ ყველაზე რეალური მომენტი მსაჯის კომპენსირებულ დროში მეკარე ნუკრი რევიშვილს მიეცა. იმ მეკარეს, რომელიც დღეს უკვე აღარაა “დინამოს” წევრი... არადა, ალექსანდრე ამისულაშვილის ფეხბურთიდან წასვლის შემდგომ რევიშვილს კაპიტნის სამკლავური ჩააბარეს. თქვენი არ ვიცი და, მე ასრად მინახავს ასეთი ხანმოკლე კაპიტანი. თუმცა, ეს არაა ნუკრის ბრალი, უფრო სხვა წერტილთან მივყავართ... მოკლედ, “დინამომ” სეზონი სრულად ჩააგდო და როგორც ამბობენ, გუნდში ძირეული ცვლილებებია მოსალოდნელი. ამბობენ, რომ საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდს ფეხბურთელთა უდიდესი ნაწილი დატოვებს. მომსვლელებზეც ჯერ არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ საბა ლობჟანიძე და ბაჩანა არაბული დაბრუნდებიან. დაველოდოთ, შესაცვლელი კი, მართლაც ბევრია დედაქალაქურ გუნდში.

მოლოდინი ვერ გაამართლა ვერც “ლოკომოტივმა” – დინამოსნაირი ამბიციებით ვერ გამოირჩეოდა სეზონის წინ, მაგრამ ფაქტია “ლოკოსგან” მეტს ველოდით. გუნდს გავარდნის საფრთხე არ ჰქონია, მაგრამ პლეი-ოფში გასვლაც ვერ შესძლო, რაც დადებითად ვერ შეფასდება. მითუმეტეს, იმის ფონზე, რომ გარდამავალი ჩემპიონატის დაწყებამდე გუნდი საკმაოდ გაძლიერდა – საქართველოში დაბრუნდნენ მათე ვაწაძე და ლუკა ზარანდია. თუმცა, ვერც ერთმა მათგანმა ციდან ვარსკვლავები ვერ მოსწყვიტა. ორივეს ანგარიშზე ჯამში კინკილა გოლია... “ლოკომოტივმა” ოქტომბერში მთავარი მწვრთნელიც იცვალა: ესპანელი ჟერარ სარაგოსას ადგილი გიორგი დევდარიანმა დაიკავა. წესით, ამ უკანასკნელის ხელში “რკინიგზელების” პრგოგრესს უნდა ველოდეთ, ოღონდ ახალი სეზონიდან რა თქმა უნდა.

კიდევ ერთი იმედგაცრუება გორის “დილაა” – საქართველოს 2015 წლის ჩემპიონი, რომელიც გავარდნას ბეწვზე გადაურჩა – პლეი-აუტში ლანჩხუთის “გურიასთან”. თუმცა, “დილას” ჩავარდნას აქვს თავისი მიზეზებიც. ფეხბურთელთა გაუთავებელი გადინება გორიდან, რამაც შესაბამისი შედეგი გამოიღო. როგორც ცნობილია, “დილაში” ებრაული ინვესტიცია ჩაიდო და კარგი იქნება თუ ეს მითად აღარ იქცევა – გუნდიც გაძლიერდება ისე, როგორც ეს “დილას” ეკადრება. უჩა სოსიაშვილის გუნდს ნამდვილად შეუძლია კარგი პირობების შემთხვევაში ისევ მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს.

ფოთის “კოლხეთმა” კი უდაოდ მაქსიმუმი გამოადნო – გელა სანაიას გუნდმა იმდენი მოახერხა, რომ ყოველგვარი პლეი-აუტის გარეშე გაინაღდა პროლიგა 1-ში თამაში, თანაც რეგულარული სეზონის დამთავრებამდე კარგა ხნით ადრე. კოლხთა შედეგი იქედან გამომდინარე უფრო ფასეულია, რომ ბათუმის “დინამოსი” არ იყოს, სტადიონი არც ამ გუნდს აქვს. “კოლხეთს” საშიანო თამაშების ჩატარება უკვე კარგა ხანია ხან სამტრედიაში უწევს, ხანაც ლანჩხუთში. გასულ სეზონში კი, სარაგბო სტადიონზე, ფოთში, “პარკი არენაზე” თამაშობდა. ამასაც მოჰყვა ინციდენტი, როცა “კოლხეთისა” და ფოთის სარაგბო გუნდის თამაში დაემთხვა... 2 ოქტომბერს, სანაიას შეგირდებმა “ზუგდიდს” ქობულეთში “უმასპინძლეს” და 2:0 მოუგეს...

კიდევ ორი გუნდი, რომელმაც პროგრამა მინიმუმი შეასრულა და ადგილი შეინარჩუნა: თბილისის “საბურთალო” და ქობულეთის “შუქურა” – დედაქალაქელებს “ხეტაფეს” ყოფილი თავკაცის პაბლო ფრანკო მარტინის ხელში ჩავარდნა ჰქონდათ და ესპანელი სპეციალისტი გიორგი ჭიაბრიშვილმა ოქტომბრის დასაწყისში შეცვალა. “საბურთალომაც” თამაში გამოასწორა და საბოლოოდ, პლეი-ოფში მოხვდა. თუმცა, მცირე ფინალში გადასავლელ მატჩში “დინამო” თბილისთან ორი მატჩის ჯამში 0:1 წააგო. მიუხედავად ამისა, “საბურთალოსთვის” სეზონი დადებითად უნდა შეფასდეს, რადგან ამ გუნდის წევრთა უმეტესობა ჯერაც ახალგაზრდაა.

“შუქურამ” კი, პლეი-აუტში დრამატულად აჯობა ბოლნისის “სიონს” – ბოლნისში განცდილი 3:4 მარცხის მერე, აჭარლებმა “ჩელე არენაზე” მშრალად, 2:0 გაიმარჯვეს და პროლიგა 1-ში ვიხილავთ დამდეგი გაზაფხულიდან.

დამშვიდობება

ახალი ფორმატიდან გამოდინარე, თავიდანვე ცნობილი გახლდათ, რომ უმაღლეს ლიგას 4 გუნდი დატოვებდა. “ზუგდიდი”, “ცხინვალი”, “გურია” და “სიონი” – სწორედ მათ მოუწევთ გაისად პროლიგა 2-ში გარჯა. ჯერ პლეი-აუტში დამარცხებულებზე ვთქვათ: “სიონმა” მთელი სეზონი არადამაჯერებლად ჩაატარა და ამის ფონზე პლეი-აუტში მოხვედრაც კი, გასაკვირი იყო. “შუქურასთან” კი, საქართველოს 2006 წლის ჩემპიონი ვერაფერს გახდა და ორი მატჩის ჯამში 4:5 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ “სიონი” საქართველოს ჩემპიონატის მთავარი ლიგიდან 21-ე საუკუნეში პირველად გავარდა. იგივე ბედი გაიზიარა ლანჩხუთის “გურიამ” – გურულების სიამაყემ სეზონის იმდენად ცუდად ჩაატარა, რომ ადვილი შესაძლებელი იყო, პირდაპირ გავარდნილიყო, თუმცა, მისდა ბედად, “ცხინვალმა” უფრო ცუდად ითამაშა. “გურიამ” პლეი-აუტი უშანსოდ წააგო გორის “დილასთან” – პირველივე მატჩმა გაარკვია დამრჩენის ვინაობა. ამას თავისი სუბიექტური მიზეზებიც ჰქონდა. უპირველესად ფინანსური კრიზისი...

“ცხინვალიც” იგივე პრობლემებს შეეწირა. წელიწადნახევრის წინ ამ გუნდმა ევროპა ლიგის საგზური გაიფორმა, თუმცა ასეთ მოკლე დროში გავარდა. მთავარი პრობლემა უფულობა და შესაბამისად, ფეხბურთელთა გადინება გამოდგა.

გავარდა საფეხბურთო კლუბი “ზუგდიდიც” – სამეგრელოს მთავარ ქალაქში თითქოს უკრაინელი ინვესტორი ჩაიყვანეს, მაგრამ ეს მხოლოდ მითი გამოდგა. რეალობა კი ისაა, რომ “ზუგდიდს” ფეხბურთელთა მიმართ სამთვიანი სახელფასო დავალიანება გააჩნია და როგორც გავრცელდა ინფორმაცია, ერთ-ერთ მოთამაშეს ნაჩუქარი სოსისების ჩაბარება მოუხდა გაზის დავალიანების დასაფარად... მოკლედ, ასეთ პირობებში რომელ ადგილის შენარჩუნებაზეა საუბარი...

საუკეთესო ბომბარდირი

გარდამავალი ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ბუდუ ზივზივაძე გახდა – ეს ახალგაზრდა ფორვარდისთვის პირველია. ბუდუმ რეგულარულ სეზონში 11 გოლი შეაგდო, რასაც ფინალში “ჩიხურასთან” დუბლიც წაუმატა. საერთოდ, 22 წლის ფორვარდმა დუბლი სეზონში ოთხჯერ გაახერხა: “ჩიხურას” გარდა, ორჯერ გაუტანა “კოლხეთს”, “ზუგდიდს” და “სიონს”. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ორ სეზონში ზივზივაძემ მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით 29 გოლის გატანა მოახერხა. “სამტრედიას” შემტევს შემოთავაზებები რომ აქვს, წერილის დასაწყისშიც წაიკითხავდით და ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

რეზიუმე

ასე იყო თუ ისე, გარდამავალი ჩემპიონატი წარსულის კუთვნილება გახდა. მომავალი გაზაფხულიდან კი ახალი, 10 გუნდიანი ჩემპიონატი გვექნება, ახალი, გაზაფხული-შემოდგომა სისტემით. ბევრი მიიჩნევს, რომ ეს წინგადადგმული ნაბიჯია, ბევრიც პირიქით. ფაქტია, რომ ჩვენში 10 გუნდი უმაღლესში ამ ეტაპზე ალბათ ყველაზე კარგი ვარიანტია. სხვა საკითხია სისტემის ძირეული შეცვლა. ამის მაგალითად რუსეთიც გამოდგება, რომელიც როგორც არ უნდა მოგვწონდეს, პროგრესირებადი ლიგაა და რომელიც აგერ მეორე წელია გაზაფხული-შემოდგომის სისტემიდან, შემოდგომა-გაზაფხულზე გადავიდა... თუმცა, იქნებ ამან ჩვენთან იმუშაოს. ამ აზრის განსამტკიცებლად კი, უდაოდ გამოდგება ორი ფაქტი: პირველი ის, რომ ზაფხულში, როდესაც ჩვენს კლუბებს ევროსარბიელზე მოუწევთ თამაში, ფორმაში იქნებიან, რადგან ჩემპიონატი გახურებული იქნება და ალბათ ასე უფრო უნდა გვქონდეს წარმატების მცირე იმედი მაინც, ვიდრე, შეკრებიდან ახალი გამოსული გუნდის, რომელიც არამარტო ახალი შეკრებილია, არამედ ახალი შექმნილიც... და მეორე, რომელიც სწორედ ხსენებული “ახალი შექმნილიდან” გამოდინარეობს: ხშირი იყო შემთხვევები, როცა სიტყვაზე საქართველოს ჩემპიონი გახდებოდა გუნდი, მაგრამ სანამ ევროტურნირები დაიწყებოდა, ფეხბურთელები სრულიად იცვლებოდნენ. ეს კი, იწვევდა შეუთამაშებლობას. წესით, ახლა, როდესაც სეზონის შუა ნაწილი იქნება კლუბებმა წამყვანი ბირთვის შენარჩუნება ევროტურნირებისთვის უფრო მარტივად უნდა მოახერხონ და არც შეუთამაშებლობამ უნდა იჩინოს თავი.

რაც შეეხება აწ დასრულებულ გარდამავალ ჩემპიონატს, ბევრს მოეწონა, ბევრს არა. ეს ალბათ, ყოველთვის დავის საგანი იქნება, მაგრამ მთლიანობაში ყველა თანხმდება, რომ მოცემულ ვითარებაში საქართველოს ღირსეული ჩემპიონი ჰყავს – “სამტრედია”.

0.236708