ბუნდესლიგის „ვოლფსბურგის“ ხელმძღვანელობამ სპორტული დირექტორი კლაუს ალოფსი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა.
კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, გუნდმა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდი ჩააგდო, რამაც სეზონის პირველ ნახევარში წარუმატებლობა განაპირობა. გარდა ამისა, ბუნდესლიგის მე-7 ტურის შემდეგ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დიტერ ჰეკინგი დაითხოვეს და ალოფსის ინიციატივით, მის შემცვლელად ვალერიენ ისმაელი მიიწვიეს. ამ უკანასკნელის შედეგები წინამორბედზე უარესი აღმოჩნდა.
ალოფსი „ვოლფსბურგში“ 2012 წლის ნოემბრიდან საქმიანობდა. 60 წლის ფუნქციონერი მანამდე სპორტულ დირექტორად „ვერდერში“ მუშაობდა, ხოლო უფრო ადრე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრების ყოფილი ფორვარდი „ფორტუნასა“ და „დიუსელდორფს“ წვრთნიდა.
გერმანული პრესა ვარაუდობს, რომ ალოფსის ადგილს ჰორსტ ჰელდტი დაიკავებს, რომელიც მანამდე „შალკეში“ მუშაობდა. ვაკანტურ თანამდებობაზე იენს ტოდტის კანდიდატურაც სახელდება, ის აქამდე „კარლსრუეში“ მუშაობდა.
„ვოლფსბურგი“ 14 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილს იკავებს. „მგლებმა“ მხოლოდ 2 თამაში მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 10 ქულა მოაგროვეს. ბოლო ადგილზე მყოფ „დარმშტადტს“ 8 ქულა აქვს.