France Football-ის ვერსიით 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც კარიერაში მეოთხედ გახდა “ოქროს ბურთის” მფლობელი, მიღწეული წარმატებებისთვის თანაგუნდელებს ემადლიერება.
“ჩემთვის უდიდესი პატივია “ოქროს ბურთის” მეოთხედ მიღება. ოცნება ისევ ახდა და ისეთი ემოცია მაქვს, თითქოს პირველად გავიმარჯვე. წარმოდგენაც კი არ შემეძლო თუკი ოდესმე ამ ჯილდოს ოთხჯერ მოვიპოვებდი. ამაყი და ბედნიერი ვარ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს პორტუგალიის ნაკრებში და მადრიდის “რეალში”, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ინდივიდუალური ჯილდოს მოპოვებაში დამეხმარა. ჩემთვის მნიშვნელოვანია როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური მიღწევები. ყოველი ახალი წელი, ახალი გამოწვევაა, ფეხბურთის თამაში მიყვარს და როგორც ყოველთვის, ვეცდები ჩემი შესაძლებლობები ბოლომდე წარმოვაჩინო. ვეცდები კიდევ არაერთ წარმატებას მივაღწიო “რეალთან” ერთად, ეს ხომ ჩემი კლუბია. ასევე პორტუგალიის ნაკრებთან ერთად, ეს ძალიან რთულია, თუმცა არც “ოქროს ბურთის” მოპოვებაა იოლი. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გამოკითხვაში მხარი დამიჭირა” - განაცხადა კრიშტიანუმ, რომელმაც მიმდინარე წელს “რეალის” შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასი მოიგო, პორტუგალიის ნაკრებთან ერთად კი ევროპის ჩემპიონი გახდა.
France Football-ის წლევანდელ გამოკითხვაში რონალდუმ ლიონელ მესის და ანტუან გრიზმანს აჯობა. პორტუგალიელ ვარსკვლავს აქამდე “ოქროს ბურთი” 2008, 2013 და 2014 წლებში მოუპოვებია.