„პირელის“ მიერ ჩატარებული სტატისტიკა მეტყველებს, რომ წინა სეზონთან შედარებით, ფორმლა 1-ის გასულ სეზონში გასწრებათა რიცხვი 53 პროცენტით გაიზარდა. საბურავებით ფ1-ის ოფიციალური მიმწოდებლის მონაცემებით, გასული სეზონის 21 რბოლაში სულ 866 გასწრება დაფიქსირდა. შედარებისთვის, წინა სეზონის 19 რბოლაში მხოლოდ 509 გასწრება შესრულდა.
ყველაზე მეტი შედეგიანი მანევრი „რედ ბულის“ პილოტებმა შეასრულეს - 136. აქედან 61 დანიელ რიკიარდოზე მოდის, 60 მაქს ფერსტაპენზე და 15 დანილ კვიატზე. თუმცა, ჰოლანდიელმა მრბოლმა საერთო ჯამში ყველაზე მეტი გასწრება განახორციელა - 78. აქედან 18-ჯერ მან მეტოქეებს „ტორო როსოში“ ყოფნისას გაასწრო. სხვათა შორის, ფერსტაპენმა თავის სრულ სადებიუტო სეზონში, რომელიც „ტორო როსოში“ 2015 წელს გაატარა, გასწრების 49 მანევრი შეასრულა.
„პირელი“ განსაზღვრავს, რომ გასწრებად თვლის იმ მანევრს, რომლის შედეგადაც, გამსწრები მოპოვებულ პოზიციას წრის ბოლომდე ინარჩუნებს. ამასთან, მის სათვალავში არ შედის საწყის წრეზე მომხდარი გასწრებები. რა თქმა უნდა, სათვალავში არ მიიღება ის გასწრებები, რომლებიც მეტოქის მანქანის ტექნიკურმა პრობლემებმა განაპირობა და არა გამსწრების მანევრმა.
ფერსტაპენი ამბობს, რომ გასწრებები კომპიუტერულ თამაშებზე ვარჯიშებისას დაამუღამა. მათი წყალობით, მანევრის შესრულებისას ის მეტად თავდაჯერებულობას გრძნობს. საერთო ჯამში ის თავის სეზონს პოზიტიურად აფასებს და თვლის, რომ მომავალ სეზონში გაცილებით უკეთესი მანქანით და ძრავით ასპარეზობა მოუწევს, რაც მის შანსებს ერთი-ორად გაზრდის.
ერთ რბოლაში ყველაზე მეტი გასწრება ლუის ჰამილტონს აქვს შესრულებული - 18. ეს ჩინეთში დაფიქსირდა, რომლის რბოლაც მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა პელოტონის კუდში დაიწყო. „პირელისვე“ სტატისტიკით, ყველაზე ნაკლებჯერ სებასტიან ფეტელს გაასწრეს. ერთადერთი პილოტი, ვინც მას გაუარა, ფერსტაპენია. მან ეს ბრაზილიაში შეძლო.
საწყის წრეზე ყველაზე მეტი პოზიცია ფერნანდო ალონსოს აქვს მოგებული - „მაკლარენ-ჰონდას“ პილოტის ანგარიშზე ასეთი 41 გასწრებაა. ყველაზე მეტი გასწრება ჩინურ ეტაპზე შესრულდა - 128. ეს 1983 წლის სეზონის შემდეგ, საუკეთესო მაჩვენებელია. ყველაზე ნაკლები გასწრება მოხდა უნგრულ ეტაპზე - მხოლოდ 10. სამი წვიმიანი რბოლიდან, ყველაზე მეტი, 64 გასწრება ბრაზილიის დიდი პრიზის რბოლისას დაფქსირდა.







