ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი, ფრანჩესკო ტოტი, ყველამ კარგად ვიცით რომ თავის საფეხბურთო კარიერაში უკანასკნელ სეზონს ატარებს. სულ რამდენიმე თვეში ტოტიც შეუერთდება იმ მრავალათასიან ვეტერან მობურთალთა არმიას, რომელნიც წარსულის მოგონებებით ცოცხლობენ.
ტოტი რასაკვირველია რიგითი ფეხბურთელი არაა და არც არასოდეს ყოფილა. ეს კარგად მოეხსენება ფრანჩესკოს ცოლს, უმშვენიერეს ილარი ბლაზის, რომელიც ამბობს, რომ ქმრის მომავალს და საბოლოო ნავთსაყუდელს კვლავაც ფეხბურთში ხედავს, თუმცა, სურს, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულებიდან მინიმუმ ერთი წელი მისმა ქმარმა ფეხბურთისგანაც დაისვენოს.
ილარი ბლაზი არ მალავს, რომ მისი ეს სურვილი ტოტისთვის არცთუ საამო და მისაღებია, მაგრამ ყველაფერს იზამს, რომ ერთი წელი მაინც დაივიწყოს დიდმა კაპიტანმა ფეხბურთი და მხოლოდ და მხოლოდ ოჯახზე იფიქროს. რამდენად ასრულდება ილარის ეს სურვილი და ოცნება – ამას სულ მალე ვნახავთ.