ფეხბურთი

16:58 | 11.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

გია ცეცაძე: “ჩემპიონობა მთელი გუნდის დამსახურებაა”

საქართველოს ახალი ჩემპიონი ჰყავს – “სამტრედია”. იმერული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ მატჩის შემდგომ ისაუბრა. მისი განცხადებით, აღნიშნული წარმატება მთელი გუნდის დამსახურებით მოხდა. როგორც მან აღნიშნა, ერთსულოვნებამ და გუნდურად მოქმედებამ შედეგი მოიტანა. ცეცაძის განცხადებით, “სამტრედიას” პროგრესი აქვს და ყველანაირად ეცდებიან, რომ ასე განაგრძონ.

გია ცეცაძე (“სამტრედიას” მთავარი მწვრთნელი): “დადებითად შევაფასებ სეზონს. მადლობა ღმერთს, რომ ასე მოხდა. “სამტრედიისთვის”, ჩემთვის, ფეხბურთელებისთვის პირველი საჩემპიონო ტიტულია და ძალიან მიხარია ეს ყველაფერი. რაც შეეხება სატრანსფერო სიტუაციას, ჯერ ამაზე ვერ გეტყვით ზუსტ პასუხს. ფაქტია, რომ პროგრესი განვიცადეთ წინა წელთან შედარებით და გვინდა, რომ ისევ მაღალ დონეზე გავაგრძელოთ თამაში.

რომელიმე ფეხბურთელს ვერ გამოვყოფ ნამდვილად, მთელმა გუნდმა ითამაშა კარგად ეს სეზონი და მათი დამსახურებაა წარმატება. ჩემი აზრით, მთავარი როლი ერთსულოვნებამ და ერთმანეთისადმი სიყვარულმა ითამაშა. თუნდაც, დღეს, პენალტი ბუდუ ზივზივაძემ მოიპოვა, მოგეხსენებათ, ბომბარდირი იყო და რაც უფრო მეტს გაიტანს ასეთ დროს ფეხბურთელი უკეთესია, მაგრამ არაბულმა დაარტყა. ეს ფაქტიც მიანიშნებს ჩვენი გუნდის შეკრულობაზე.

ჩემს გუნდში არიან ფეხბურთელები, რომელთაც ცოტა ხნის წინ, არ ეძლეოდათ უმაღლეს ლიგაში თამაშის საშუალება. ფაქტი ისაა, რომ გუნდს პროგრესი აქვს. დავიწყეთ მიზანმიმართულად მუშაობა და მეტ-ნაკლებად, ყველას აქვს წინსვლა. სამტრედიაში არ იყო ისეთი გუნდი, რომელსაც შეეძლო ჩემპიონობისთვის ბრძოლა და კარგი გაგებით, დავიწყეთ ცარიელი ფურცლიდან მუშაობა. თქვენ თვითონ განსაზღვრეთ არის თუ არა პროგრესი, ფაქტია ჩემპიონები ვართ”.

საფეხბურთო კლუბი “სამტრედია” თავის ისტორიაში პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი. იმერულმა გუნდმა ფინალურ დაპირისპირებაში “ჩიხურას” ორი მატჩის ჯამში 4:2 აჯობა.

0.122622