ფეხბურთი

15:14 | 9.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და ვიდეომსაჯი ფიფასგან

ფიფას ეგიდით გამართულ ტურნირზე ვიდეორეფერის გამოყენების სრულფასოვანი ექსპერიმენტი დაიწყო. თუკი აქამდე ამ სიახლის გამოცდა დაბალი რანგის მატჩებზე ხდებოდა, ახლა ტესტირება იაპონიაში მიმდინარე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ტარდება. ფიფას ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ექსპერიმენტის ფარგლებში, მსაჯებს უფლება აქვთ შეაჩერონ თამაში და მოედნის სიახლოვეს დამონტაჟებულ მონიტორზე ნახონ საეჭვო ეპიზოდის გამეორება ან თამაშის გაუჩერებლად ინფორმაცია მიიღონ თანაშემწისგან, რომელიც სპეციალურ ოთახში იმყოფება და მატჩს თვალს რამდენიმე ეკრანზე ადევნებს. მის განკარგულებაშია 23 კამერით გაკეთებული ჩანაწერი.

ფიფას მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ექსპერიმენტის მიზანი მსაჯებისთვის სამუშაოს შემსუბუქებაა, რომ მათ მიეცეთ რთული სიტუაციების შეფასების დამატებითი შესაძლებლობა. ამასთან, არც მწვრთნელებს და არც ფეხბურთელებს არ აქვთ უფლება არბიტრს პრეტენზიით მიმართონ და სადავო ეპიზოდის ვიდეოჩანაწერის ნახვა მოითხოვონ.

ფეხბურთის წესებში ცვლილებების შეტანაზე პასუხისმგებელმა საერთაშორისო საბჭომ კონკრეტული სიტუაციებიც ჩამოაყალიბა, როცა ტესტის ფარგლებში შესაძლებელია ვიდეოარბიტრის კონსულტაციით სარგებლობა ან ვიდეოგამეორების ნახვა. საუბარია ეპიზოდებზე, როცა აუცილებელია დადგინდეს წესის დაცვით გავიდა თუ არა გოლი, გასაძევებელია თუ არა ფეხბურთელი, კონკრეტულად რომელი მოთამაშე უნდა დაისაჯოს წითელი ბარათით, უნდა დაინიშნოს თუ არა თერთმეტმეტრიანი.

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის სასტარტო მატჩში, რომელშიც იაპონურმა “კაშიმა ანტლერსმა” ახალზელანდიური “ოკლენდ სიტი” 2:1 დაამარცხა, ვიდეოარბიტრის გამოყენება არ გახდა საჭირო, მსაჯებმა ამის გარეშე გაართვეს მოვალეობას თავი, თუმცა ამ სისტემას ალბათ უახლოეს თამაშებში საქმეში ვიხილავთ.

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი იაპონიაში 8 დეკემბერს დაიწყო და 18 დეკემბრამდე გასტანს. მუნდიალზე ევროპას, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მადრიდის “რეალი” წარმოადგენს, რომელიც 15 დეკემბერს ნახევარფინალური ეტაპიდან ჩაერთვება შეჯიბრში.

0.110205