ჩეხეთის ქალაქ მარიანსკე-ლაზნეში დასრულებულ ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ლეგენდარულმა მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა კვლავ წარმატებულად იასპარეზა და მეხუთედ მოიპოვა (1995, 2009, 2014, 2015, 2016 წწ.) მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული სენიორთა შორის.
11-გზის ოლიმპიურმა და მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონმა ქართველმა მოჭადრაკემ ტურნირი მარცხის გარეშე განვლო და 9-დან 8 ქულით მიუწვდომელი აღმოჩნდა მეტოქეებისათვის.
მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ, ნონა გაფრინდაშვილს და ვეტერანთა ნაკრების წევრებს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მოადგილე შალვა გოგოლაძესთან და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი გიორგაძესთან ერთად 8 დეკემბერს სამინისტროში შეხვდა და წარმატება მიულოცა.
მსოფლიოს 26-ე ჩემპიონატზე, რომელიც 2 კატეგორიაში (+50 და +65 წლის მოჭადრაკეთა შორის) გაიმართა, საქართველოს სახელით სულ 6-მა მოჭადრაკემ ითამაშა და მათი მონაგარი 4 მედალია: 2 ოქრო და 2 ბრინჯაო!
50+წ. კატეგორიაში ვაჟთა შორის გაიმარჯვა საქართველოს სახელით მოასპარეზე, საერთაშორისო დიდოსტატმა - გიორგი ბაღათუროვმა, მესამე ადგილი დაიკავა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვაჟთა შორის, მსოფლიოს ჩემპიონმა სენიორთა შორის (2014წ.) ზურაბ სტურუამ.
6,5 ქულა დააგროვა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ქალთა შორის მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი სენიორებში (1998;1999;2003;2010 წწ.) თამარ ხმიადაშვილი.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური