დასავლეთ კონფერენციის კალიფორნიულ დერბიში ლიდერმა „გოლდენ სტეიტმა“ მესამე ადგილზე მყოფი „კლიპერსი“ ლოს ანჯელესში 115:98 დაამარცხა და ამაში თავისი წვლილი ქართველმა ცენტრმა, ზაზა ფაჩულიამაც შეიტანა. პრინციპულ მატჩში ფაჩულია 22 წუთი ითამაშა და საკმაოდ შედეგიანადაც.
ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და როგორც დაცვაში, ისე შეტევაშიც გამოირჩა. ფაჩულიამ 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და 4 ქულას დასჯერდა, თუმცა 5 მოხსნა, 3 პასი და 1 დაფარებაც (ბლეიკ გრიფინზე) მითვალა და საკუთარი სტატისტიკა გაამრავალფეროვნა.
წინა მატჩში 60 ქულის მიმთვლელმა კლეი ტომპსონმა ამჯერად 24 ქულა მოაგროვა, ვის შემდეგაც დაცვის ბურჯი დრეიმონდ გრინი მოდის 22 ქულით. კევიუნ დიურანტი 16 ქულას დასჯერდა, ხოლო სტეფ კარი - 19-ს. კლიპერსელებმა მოახერხეს ოკლენდელთა არქიმექულეების პროდუქტიულობის შემცირება, მაგრამ „გოლდენ სტეიტმა“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მხოლოდ სუპერვარსკვლავების ზეშედეგიანობაზე არაა დამოკიდებული.
19 მოგებითა და 3 მარცხით „გოლდენ სტეიტი“ დასავლეთ კონფერენციისა და სრულიად ლიგის ლიდერობას განაგრძობს. მორიგი ჯახი ოკლენდელებს 12 დეკემბერს - სოლტ ლეიკ სიტიში, „იუტა ჯაზთან“ ელის.
gbf.ge