პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ გადასახადების დამალვის გამო შესაძლოა ციხეში მოხვდეს. როგორც ესპანური მედია იუწყება, საქმე ეხება 150 მილიონ ევროზე მეტ თანხას, რომელიც ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა სამი წლის განმავლობაში ესპანეთის საგადასახადო სამსახურს დაუმალა. ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმმა მიაკვლია იმ დოკუმენტებს, რომლის მიხედვითაც რონალდუმ სახელმწიფოს ფული არ გადაუხადა.
რონალდუ მისი აგენტის ჟორჟე მენდეშის კომპანიას Gestifute-ს წარმოადგენს. ასევე გადასახადების დამალვას ედავებიან ჟოზე მოურინიოსაც. საბოლოოდ, კომპანიამ განაცხადა, რომ ორივე საფეხბურთო მოღვაწე არაფერს მალავს და ყველაფერი მოგონილია.
ასევე ცნობილი გახდა, რომ რონალდუმ 150 მილიონი ევრო ოფშორულ ზონაში გადარიცხა. ამ ინფორმაციების გავრცელების შემდეგ, "რეალის" ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერია, რომ კლუბი მხარდაჭერას უცხადებს რონალდუს და პორტუგალიელის მიერ ჩადენილი ქმედებები კლუბისთვის ყოველთვის სამაგალითო იყო.
მსგავსი პრობლემების წინაშე ესპანეთში ბევრი ფეხბურთელი აღმოჩნდა. გადასახადების დამალვას ლიონელ მესისაც ედავებოდნენ და სასამართლო პროცესიც კი გაიმართა. თუმცა არგენტინელის შემთხვევაში საქმე 4.1 მილიონ ევროს ეხებოდა და სასჯელი 21 თვე გახლდათ. ესპანური კანონმდებლობით კი 24 თვეზე ნაკლები ვადის სასჯელზე პიროვნებას ციხეში არ სვამენ.
რონალდუს შემთხვევაში საქმე 150 მილიონს ეხება და თუ დანაშაული დაუმტკიცდება, აღნიშნულ თანხას უკან დააბრუნებს, პლუს ჯარიმასაც გადაიხდის და შესაძლოა ციხეშიც აღმოჩნდეს. ესპანეთში მუშათა გაერთიანების აღმსარულებელმა დირექტორმა ხოსე მარია მოლინედომ RAC1-ს განუცხადა, რომ ფეხბურთელს საქმე აქამდე არ უნდა მიეყვანა და თუ გამოძიება სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობს, შესაძლოა ფეხბურთელი ციხეში 6 წლით ჩასვან.