ჰოლანდიის ერედივიზიონის ბინადარმა “ფეიენოორდმა” მთავარ მწვრთნელ ჯოვანი ვან ბრონხორსტს ნდობა გამოუცხადა და კონტრაქტი 2 წლის ვადით, 2019 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივა. ამის შესახებ როტერდამული გუნდის ვებგვერდი იუწყება. 41 წლის სპეციალისტს ძველი ხელშეკრულება 2017 წლის ივნისში ეწურებოდა.
ჯოვანი ვან ბრონხორსტმა “ფეიენოორდი” 2015 წლის მაისში ჩაიბარა და პირველივე სეზონში კლუბი ევროპა ლიგაზე გაიყვანა. მიმდინარე სეზონს კი გუნდი კარგად ატარებს – ერედივიზიონს 15 ტურის შემდგომ 36 ქულით “აიაქსთან” ერთად ლიდერობს.
სხვათა შორის, წარსულში ცნობილი ჰოლანდიელი ფეხბურთელი “ფეიენოორდში” ძალიან უყვართ – კარიერა ამ გუნდში დაიწყო (1993-1998 წლებში ითამაშა) და დაასრულა (2007-2010).