საქართველოს 2016 წლის აბსოლუტური ფალავანი 17 დეკემბერს გამოვლინდება. ტრადიციულ, ყოველწლიურ პრესტიჟულ შეჯიბრებას დიღომში, "ახალი თბილისის” ტერიტორიაზე მდებარე ფრენბურთის სასახლე უმასპინძლებს და ფალავნობისთვის ბრძოლაში ქართველებთან ერთად, 10 ქვეყნის წარმომადგენლები ჩაებმებიან. წინასწარი ინფორმაციით, ხალიჩაზე ირანელი, რუსი, აზერბაიჯანელი, თურქი, ფრანგი, ყაზახი, უზბეკი, თურქმენი და გერმანელი მოჭიდავეები გავლენ.
ფალავნობის საპრიზო ფონდი 150 000 ლარია. საქართველოს აბსოლუტური ფალავანი შარშანდელის მსგავსად, თბილისში ბინით დასაჩუქრდება. ფინალისტს 10 ათასი ლარი ერგება, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორს – 5 ათასი.
აბსოლუტურ ფალავნობამდე, ტრადიციულად, ოთხი წონითი კატეგორიის (80, 90, 100 და +100 კილოგრამების) ჩემპიონ-პრიზიორები გამოვლინდებიან. ამ წონებში საპრიზო სამეულში მოხვედრილი მოჭიდავეები 3 ათასი, 2 ათასი და ათასი ლარით დაჯილდოვდებიან.
საქართველოს მოქმედი ფალავანი პაატა ღვინიაშვილია, რომელმაც შარშან, გადამწყვეტ ბრძოლაში ონისე ბუღაძე დაამარცხა. მესამე ადგილი კი ლევან მატიაშვილმა დაიკავა.
წლევანდელ შეჯიბრება საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წამყვანი წევრების გარეშე ჩაივლის, რადგან 16 დეკემბერს, ძიუდოში ევროპის საკლუბო ჩემპიონი უნდა გამოვლინდეს და მასში ქართული კლუბები: "ფალავანი” და "საგარეჯოც” ჩაებმებიან.