“ნაპოლი” და ლისაბონის “ბენფიკა” – სწორედ ეს ორი გუნდი შეუერთდა იმ გუნდთა სიას, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ითამაშებენ. თუმცა, მანამდე ყველა ჯგუფში შექმნილი სიტუაცია მიმოვიხილოთ.
A ჯგუფში “არსენალმა” იპირველა, თუმცა ამაში უფრო “პარი სენ ჟერმენის” წვლილია – საქმე ისაა, რომ პსჟ-ს “ლუდოგორეცი” რომ დაემარცხებინა, ყველა ვარიანტში ჯგუფში პირველ ადგილზე გადიოდა, თუმცა უნაი ემერის გუნდი კრიზისშია და ალბათ ესპანელის დღეებიც თუ ასე გაგრძელდა, პარიზში დათვლილია. ფრანგები ბულგარეთის ჩემპიონთა კოლოსარულ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ რად გინდა, კინკილა ქულა ბოლო წუთზე გადაარჩინეს. იქამდე კი, გეორგი დერმენდჟიევის გუნდმა ორჯერ გაუტანა საფრანგეთის ჩემპიონს. სხვათა შორის, უცნაურობაა პსჟ-ს თავს, ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორ თამაშში ოთხი გოლი გაუშვა, მაშინ როცა ამავე მატჩებში სულ კარში სამჯერ დაურტყეს...
ლონდონის “არსენალმა” კი ბაზელში, ადგილობრივი გუნდისგან არაფერი დატოვა – 4:1. ჰეთ-თრიქით გამოირჩა ლუკას პერესი, რომელიც სხვათა შორის პირველი ესპანელი გახდა, ვინც ჩემპიონთა ლიგის იმ მატჩში, რომელიც სასტარტო შემადგენლობიდან პირველად დაიწყო, სამჯერ გაიტანა. ისიც აღსანიშნავია, რომ “არსენალის” მეექვსე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ლიგაზე ჰეთ-თრიქი გაახერხა. სხვათა შორის, უკვე მეორე მოთამაშე ამ სეზონში. მანამდე იგივე მესუტ იოზილმაც მოახერხა. “არსენალი” ჯგუფში პირველია და 2011-2012 წლების მერე, “მეთოფეებმა” პირველად მოახერხეს მერვედფინალში პირველი ადგილით გასვლა. გამოვყოთ, რომ არსენ ვენგერის გუნდმა მეორე გოლის ეპიზოდში 33 ზუსტი პასი შეასრულა, რაც მიმდინარე სეზონის რეკორდია. “ლუდოგორეცი” კი, მისთვის საპატიო მესამე პოზიციაზე გავიდა და იქეთა წლიდან ევროპა ლიგაზე იასპარეზებს, “ბაზელს” კი მომავალ სეზონამდე შიდა ჩემპიონატით მოუწევს დაკმაყოფილება.
B ჯგუფი ერთადერთი დღევანდელი სათამაშო დღიდან, საიდანაც მერვედფინალისტთა ვინაობა ცნობილი არ იყო. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ლისაბონში, მოთამაშე “ბენფიკა” და “ნაპოლი” გავიდნენ ჯგუფიდან, არადა “ბეშიქთაშს” რომ მოეგო, მაშინ თურქები გავიდოდნენ პლეი-ოფში, თუმცა... “არწივებს” წლეულს ლიგაზე არ წაეგოთ, აუტსაიდერ კიევის “დინამოს” ხვდებოდნენ, მაგრამ 0:6 წააგეს... ვერაფერს იტყვი, კარის გაჯახუნებაც ამას ჰქვია უკრაინელთა მხრიდან. სხვათა შორის, “დინამომ” 1997 წლის მერე პირველ ტაიმში პირველად გაიტანა სამი და მეტი გოლი პირველ ტაიმში. მაშინ “კამპ ნოუზე” ჰეთ-თრიქი ანდრეი შევჩენკომ შეასრულა. ისიც საგულისხმოა, რომ მიმდინარე სეზონში “ბეშიქთაშმა” 21-ე თამაში ჩაატარა და პირველად წააგო. სხვათა შორის, აქამდე სტამბულელებს ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში არასდროს მოუგიათ და არც ფრე უთამაშიათ.
“ნაპოლიმ” კი, “და ლუჟზე” “ბენფიკა” დაჩაგრდა დამსახურებულად მოიგო, რითაც პირველი ადგილით გავიდა პლეი-ოფში. ნეაპოლიტანური კლუბმა ასეთი კარგი შედეგი ლიგაზე პირველად აჩვენა. აქამდე პლეი-ოფში ერთხელ ითამაშა და როგორც მეორეადგილოსანმა. მაურიციო სარის გუნდმა დღეს ძალიან გამართული ფეხბურთი აჩვენა – ხოსე კალეხონისა და დრის მერტენსის გოლებით დამაჯერებლადაც იგებდა, თუმცა ბოლოსკენ რაულ ალბიოლის შეცდომით მასპინძლებმა ანგარიში დაასველეს. მოკლედ, “ნაპოლი” პირველია, “ბენფიკა” მეორე, “ბეშიქთაში” კი მიუხედავად მძიმე მარცხისა, ევროპა ლიგაზე განაგრძობს ასპარეზობას.
C ჯგუფში აბსოლუტურად ყველაფერი გარკვეული გახლდათ – შესაბამისად, გუნდებს თავი არ მოუკლავთ. ეს განსაკუთრებით “მანჩესტერ სიტისა” და “სელტიკზე” ითქმის, რომლებმაც ერთმანეთს საწყის 8 წუთში გაუტანეს გოლები და მერე გაჩერდნენ. საბოლოოდ ლოგიკური 1:1 დაფიქსირდა, თუმცა დიდი ეჭვი გვაქვს, მანჩესტერელი ქომაგი ამით კმაყოფილი არ იქნება...
კატალონიის “ბარსელონამ” კი, “გლადბახს” 4:0 აჯობა. გეტყვით, რომ “ბარსა” ზედიზედ 10 წელია მერვედფინალში პირველი ადგილით გადის. სხვათა შორის, ამ მატჩში ერთი საინტერესო რეკორდი დამყარდა: მასპინძლებმა 933 პასი გააკეთეს, რაც საუკეთესო შედეგია ჩემპიონთა ლიგის ერთი კონკრეეტული მატჩისთვის 2003-2004 წლების სეზონიდან მოყოლებული. ჰეთ-თრიქი გაახერხა არდა თურანმა, რომელიც მესამე თურქი ფეხბურთელი გახდა, ვინც ლიგაზე ასეთი რამ შესძლო – თუნჩაი სანლისა და ბურაკ ილმაზის შემდგომ. თუმცა, პირველია, ვინც უცხოური გუნდისთვის შეასრულა ჰეთ-თრიქი. გოლი ლიონელ მესიმაც გაიტანა (ასისტენტობა მას არდამ გაუწია). არგენტინელს ლიგაზე 51 საშინაო მატჩში ამდენივე გოლი აქვს შეგდებული.
D ჯგუფში მიუნხენის “ბაიერნმა” არაფრის მომცეი სამი ქულა მოიპოვა მადრიდის “ატლეტიკოსთან”, თუმცა მაინც ღირსების საკითხი იყო ეს გამარჯვება. ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის შუაწელს რობერტ ლევანდოვსკიმ საჯარიმო დარტყმით გაიტანა. სხვათა შორის, პოლონელმა ფორვარდმა ზედიზედ მეორე მატჩში მოახერხა ჯარიმიდან გოლის გატანა და თანაც დიდებულ სტილში...
ამ ჯგუფის მეორე მატჩში კი გოლი არ გასულა. პსვ-ს და “როსტოვის” შეხვედრაში დაფიქსირებულმა ამ შედეგმა კი, ევროპა ლიგაზე თამაშის საშუალება რუსეთის ვიცე-ჩემპიონს მისცა.
პსჟ – “ლუდოგორეცი” 2:2 (0:1) VIDEO
გოლები: 0:1 მისიდიანი (15), 1:1 კავანი (61), 1:2 ვანდერსონი (69), 2:2 დი მარია (90)
“ბაზელი” – “არსენალი” 1:4 (0:2) VIDEO
გოლები: 0:1 ლუკას პერესი (8), 0:2 ლუკას პერესი (16), 0:3 ლუკას პერესი (47), 0:4 ივობი (53), 1:4 დუმბია (78)
“დინამო” – “ბეშიქთაში” 6:0 (4:0) VIDEO
გოლები: 1:0 ბესედინი (9), 2:0 იარმოლენკო (30), 3:0 ბუიალსკი (32), 4:0 გონსალესი (45), 5:0 სიდორჩუკი (60), 6:0 მორაეში (77)
“ბენფიკა” – “ნაპოლი” 1:2 (0:0) VIDEO
გოლები: 0:1 კალეხონი (60), 0:2 მერტენსი (79), 1:2 ხიმენესი (87)
“მანჩესტერ სიტი” – “სელტიკი” 1:1 (1:1) VIDEO
გოლები: 0:1 რობერტსი (4), 1:1 იენაჩო (8)
“ბარსელონა” – “გლადბახი” 4:0 (1:0) VIDEO
გოლები: 1:0 მესი (16), 2:0 არდა თურანი (50), 3:0 არდა თურანი (53), 4:0 არდა თურანი (67)
პსვ ეინდჰოვენი – “როსტოვი” 0:0 (0:0) VIDEO
“ბაიერნი” – “ატლეტიკო” (1:0) VIDEO
გოლი: 1:0 ლევანდოვსკი (28)