კალათბურთი

13:35 | 4.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

დიქსონი გამოძიების მოლოდინშია, აეკ-ი მაიკლს მხარს უჭერს

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წევრი მაიკლ დიქსონი ავტოავარიაში მოყვა. ამერიკელი 2 დეკემბერს ათენის გარეუბან მენდიში, მანქანით გადაადგილდებოდა, როდესაც 47 წლის ქალბატონის ავტომობილს დაეჯახა, ეს უკანასკნელი კი შეეჯახა დასუფთავების სამსახურის 64 წლის თანამშრომელს, რომელიც გარდაიცვალა. პოლიციამ კალათბურთელიც და ქალბატონიც დააკავა და გამოძიება დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაცია ბერძნული მედია საშუალებები ავრცელებენ და ჯერჯერობით დაზუსტებული ცნობა თუ როგორ მოხდა ინციდენტი, არ არსებობს.

საქართველოს ნაკრების ნატურალიზირებულ კალათბურთელს სისხლის ანალიზი აუღეს. მაიკლს, რომელსაც 1 დეკემბერს დაბადების დღე ჰქონდა, სისხლში ალკოჰოლოს და რაიმე აკრძალული ნივთიერების კვალი არ აღმოაჩნდა. დიქსონი ჩვენების მიცემის შემდეგ დროებითი დაკავების იზოლატორიდან გამოუშვეს და კალათბურთელი გამოძიების მოლოდინშია.

აღნიშნულის ინციდენტის შესახებ, ამერიკელის კლუბმა აეკ-მა გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა და მხარდაჭერა აღუთქვა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ათენელების ვიცე-პრეზიდენტი და იურისტი ალექსანდრ ალექსიუ დიქსონს გვერდში უდგანან და მის ინტერესებს ბოლომდე დაიცავენ.

მაიკლის თანაგუნდელმა კოსტას ვასილიადისმა Cosmote TV-სთან საუბრისას განაცხადა, რომ დიქსონს მხარდაჭერა სჭირდება. ინციდენტის შემდეგ, ბერძნულმა მედიამ დიქსონის გუნდიდან გაშვების შესახებაც დაიწყო საუბარი, თუმცა როგორც ვასილიადისმა განაცხადა, ჯერ ამ თემაზე საუბარი ნაადრევია და ყველაფერს დრო გვიჩვენებსო. აეკ-ის მთავარმა მწვრთნელმა იური სდოვცმა gazzetta.gr-თან საუბრისას აღნიშნა, რომ დიქსონს კლუბმა მხარი უნდა დაუჭიროს და ამავდროულად გამოსავალი შემდეგ კვირაშივე უნდა მოიძებნოს.

საქართველოს ნაკრების წევრმა "კოროვოისთან" მოგებულ (89:75) მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღო. როგორც gazzetta.gr იუწყება, დიქსონი ჩემპიონთა ლიგაზე გუნდს "სოლნოკი ოლაისთანაც" ვერ დაეხმარება.

0.122733