ფეხბურთი

23:35 | 3.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ლაიპციგის" დიდებული სვლა გრძელდება

გერმანიის ბუნდესლიგის XIII ტურის შემდგომ ლიდერი უცვლელია – “ლაიპციგმა” “ბაიერნის” გუშინდელ გამარჯვებას ასევე სამი ქულით უპასუხა და პირველი ადგილი დაიბრუნა. არადა, რალფ ჰაზენჰიუტლის გუნდს დღეს კარგ ფორმაში მყოფი მეტოქე ჰყავდა, გელზენიკირხენის “შალკე”. აღსანიშნავია, რომ ამ მატჩამდე ბოლო 7 ტურის მონაცემებით ყველაზე მეტი ქულა სწორედ ამ გუნდებს მოეპოვებინათ: 21 და 17. უშუალოდ დღევანდელი მატჩის მთავარი ფიგურა კი, “ხუმარათა” სეად კოლაშინაცი იყო – ბოსნიელმა მცველმა პირველ ტაიმში ჯერ ტიმო ვერნერის გატანილი გოლი გაქვითა, მაგრამ მეორე ნახევარში ადგა და საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. აღნიშნულმა გოლმა კი, შეხვედრის ბედი გადაწყვიტა და “ლაიპციგმა” მორიგი თამაში მოიგო. სხვათა შორის, “რედ ბული” ერთადერთი გუნდია ამ სეზონში, რომელმაც თუნდაც ერთი გოლის გატანა ჩატარებულ ცამეტივე ტურში შესძლო – დებიუტანტობაც ასეთი უნდა!

სხვა მატჩებს რაც შეეხება, მოიგო “ჰოფენჰაიმმა”, რომელიც საოცარ სეზონს ატარებს და მეოთხე ადგილზეა. “სოფლელებმა” უშუალო კონკურენტ “კიოლნს” საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდნენ და გაანადგურეს. აქამდე ორივე გუნდს თანაბარი ქულები ჰქონდათ, მაგრამ “ვირსოლ არენაზე” გამართულმა მატჩმა ცხადჰყო, რომ იულიან ნაგელსმანის გუნდი ბოლო დროს უკეთეს ფორმაშია. “ჰოფემ” “თხებს” თითო ტაიმში ორ-ორი გოლი გაუტანა.

მოიგო “დორტმუნდმა” მიუხედავად იმისა, რომ მიონხენგლადბახის მოსახელე გუნდთან გოლი დასაწყისშივე გაუშვა. თან, უპრობლემოდ – 4:1. აღსანიშნავია, რომ “ბორუსიას” “სიგნალ იდუნა პარკზე” ტომას ტუხელის ხელში ბუნდესლიგაში არ წაუგია – 24 თამაში, 19 მოგება, 5 ფრე. ასეთი კარგი შედეგი კი, მხოლოდ ერნსტ ჰაპელს ჰქონია თავის დროზე. “დორტმუნდი” სამეულს 3 ქულით ჩამორჩება.

მორიგი უფერული მატჩი ჩაატარა ლევერკუზენის “ბაიერმა”, რომელმაც შინ ვერაფერი დააკლო “ფრაიბურგს” – 1:1. მეტიც, “ფარმაცევტებს” მხოლოდ ქულის გადარჩენისთვის მოუწიათ ბრძოლა. როგერ შმიდტის გუნდს მოგებაც შეეძლო, მაგრამ ბოლოში ხავიერ ერნანდესმა პენალტი ვერ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში “ლევერკუზენმა” მეოთხე თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა, ხოლო საერთოდ, ბოლო 19 თამაშიდან 11 აქვს გაცუდებული.

მესამე ადგილზეა ბერლინის “ჰერტა”. დედაქალაქელებმა ვოლფსბურგში ძალიან მძიმე მატჩი მოიგეს. ბერლინურმა გუნდმა გამარჯვების გოლი 90-ე წუთზე შეაგდეს და პალ დარდაის გუნდმა ჩემპიონთა ლიგაში გასვლასთან დაკავშირებით თავისი პრეტენზიები კიდევ ერთხელ დაადასტურა. “ვოლფსბურგის” მდოგმარეობა კი ბნელია...

“ლევერკუზენი” – “ფრაიბურგი” 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 ჰაბერერი (30), 1:1 ჩალჰანოღლუ (60)

“დორტმუნდი” – “გლადბახი” 4:1 (2:1)

გოლები: 0:1 რაფაელი (6), 1:1 ობამეიანგი (7), 2:1 პიშჩეკი (15), 3:1 დემბელე (64), 4:1 ობამეიანგი (69)

“ჰოფენჰაიმი” – “კიოლნი” 4:0 (2:0)

გოლები: 1:0 ვაგნერი (8), 2:0 ტოლიანი (39), 3:0 ვაგნერი (67), 4:0 უტი (89)

“ვერდერი” – “ინგოლშტადტი” 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 კრუსე (24), 1:1 სუტნერი (58), 2:1 ბარტლესი (76)

“ვოლფსბურგი” – “ჰერტა” 2:3 (2:1)

გოლები: 1:0 მაიორალი (13), 1:1 პლატენჰარდტი (16), 2:1 სეგუინი (18), 2:2 ეშვეინი (70), 2:3 კალუ (90, პენ)

“ლაიპციგი” – “შალკე” 2:1 (1:1)

გოლები: 1:0 ვერნერი (2), 1:1 კოლასინაჩი (31), 2:1 კოლასინაჩი (47, ა.გ)

თეგებიბუნდესლიგა
0.554942