საფეხბურთო კლუბ “ზუგდიდის” ფეხბურთელებმა “პრაიმტაიმის” პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართეს, რომელშიც საზოგადოებას ის პრობლემები გააცნეს, რომლის წინაშეც დრეს გუნდი დგას. “ზუგდიდის” ფეხბურთელები კლუბისგან იმ სახელფასო დავალიანების გადახდას ითხოვენ, რომელიც მათ წინაშე არსებობს – სამი თვის აუღებელი ხელფასი.
მათი განცხადებით, თუ დავალიანება გასტუმრებული ორ-სამ დღეში არ იქნება, მაშინ ზუგდიდს გუნდი არ ეყოლება, რადგან ვერ გაივლის ლიცენზიას და შესაბამისად პრო ლიგა2-ში ვეღარ ითამაშებს.
გიგა ბეჭვაია (“ზუგდიდის” ფეხბურთელი): “მაქვს უფლება, რომ ვისაუბრო მთელი გუნდის სახელით. ჩვენი მოთხოვნა არის ის, რომ გუნდს გააჩნია ჩვენს მიმართ სამთვიანი სახელფასო დავალიანება. მათ მივეცით დრო, რომ გაესტუმრებინათ თანხა, მაგრამ უარი მივიღეთ. ამ ყველაფრის გამო დიდი პრობლემა წარმოიქმნება, რადგან “ზუგდიდი” ვერ გაივლის ლიცენზირებას და აეკრძალება პრო ლიგა2-ში თამაში. ჩვენი თვითმიზანი არაა, რომ “ზუგდიდს” არ ჰყავდეს გუნდი, პირიქით ისეთი ქალაქია აუცილებლად უნდა ჰყავდეს, ძალია კარგი ფეხბურთელები ჰყავს ახლა გუნდში, პლიუს ახალგაზრდები, მაგალითად 19-წლამდე გუნდმა თავიანთი ჯგუფი მოიგეს და იმედია ფინალშიც ითამაშებენ. ჩვენი მიზანია, უბრალოდ ფეხბურთელები დაკმაყოფილდნენ და ავიღოთ ეს დავალიანება. დიდი იმედი გვაქვს, რომ ხელმძღვანელობასთან მივაღწევთ შეთანხმებას. გუნდის შემოთავაზება იყო, რომ აგვეღო სექტემბრის ნახევარი თვის ხელფასი დეკემბრის ბოლომდე, რაზეც ჩვენ არ დავთანხმდით, რადგან ფაქტობრივად თვეებია ერთი თეთრიც არ აგვიღია და ეს უფრო ნიშნავდა, ფეხბურთელების დროებით გაჩუმებას. ნახევარი თვე საერთოდ არაფერს გვიწყვიტავს. ჩვენ მოვითხოვეთ, რომ თვენახევრის მაინც მოეცათ და ხოლო დანარჩენი 2 თვის მოეცათ შემდგომი 2 თვის განმავლობაში, თუმცა ამაზე ცივი უარი მივიღეთ. მიზეზს რაც შეეხება, არ გვეუბნებიან, მაგრამ ალბათ კლუბში თანხა არაა. საინტერესოა, რომ “ზუგდიდმა” გარდამავალ ჩემპიონატში 600 ათასი ლარი მიიღო, მაგრამ არამიზნობრივად გაიხარჯა.
რეალურად “ზუგდიდი” ის ქალაქია, რომელიც ფეხბურთით ცხოვრობს. ზუგდიდში ძალიან კარგი სტადიონი შენდება და სამწუხარო იქნება, თუ მათ გუნდი არ ეყოლებათ, რომელიც იქ არ ითამაშებს”.
მედიის წინაშე ასევე წარსდგა პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის პრეზიდენტი ჯაბა მუჯირი. როგორც მან განაცხადა, “ზუგდიდში” იმდენად სავალალო მდგომარეობაა, რომ ერთ-ერთმა ფეხბურთელმა ნაჩუქარი სოსისი ჩააბარა, გაზის დავალიანება რომ გაესტუმრებინა.
ჯაბა მუჯირი (პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის პრეზიდენი): “ტრიბუნალში საქმე ჯერ არაა შეტანილი. ჩვენ გვქონდა კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა, ასევე ქალაქის მერეთან, ბატონ გოგოხიასთან – მან შემომთავაზა, რომ დეკემბრის ბოლომდე დაიფარებოდა, დანარჩენი კი თებერვლის. ამასთან, მთხოვა დეკემბრის ხელფასის ე.წ პატიება, რაზეც ფეხბურთელები ბუნებრივია არ დასთანხმდნენ. მათ ვუთხარით, რომ მინიმუმ თვენახევარი გასტუმრებულიყო, მივიღეთ პასუხი, რომ არა და კლუბი არ იქნება “ზუგდიდში”. ჩვენ ვაცნობეთ ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციასაც, რომელიც მინდა აღვნიშნო, რომ ფეხბურთელების მხარესაა. თუ ორ-სამ დღეში არ დაკმაყოფილდება ყველა თანამშრომლისა და ფეხბურთელების მოთხოვნები, ზუგდიდში გუნდი აღარ იქნება. მქონდა შეხვედრა გელა ინალიშვილთან, ქალაქის მერთან. უკრაინელი ინვესტორი კი საერთოდ ცალკე თემაა, არავინ იცის სადაა. არანაირი ბერკეტი, რომ ამ უკრაინელ ინვესტორს გამოართვნა ფული არ არსებობს და გუნდი ამ შემთხვევაში უბრუნდება ქალაქის მუნიციპალიტეტს.
საცხოვრებელ სახლში, სადაც ფეხბურთელები ცხოვრობდნენ, დავალიანების გამო ჩაუჭრეს ელექტროენერგია, გაზი. ერთ-ერთმა კომპანიამ ფეხბურთელებს სოსისები აჩუქეს და ერთ-ერთმა ფეხბურთელმა ჩააბარა, რომ გაზის და ელექტროენერგიის ფული გადაეხადა. იმედია, შემოსვლების სამსახური ამაზე არ შეედავებიან”.
“ზუგდიდი” მოგეხსენებათ გარდამავი ჩემპიონატიდან გავარდა და პრო ლიგა2-ში მოუწევს თამაში. თუმცა, ესეც იმ შემთხვევაში თუ გუნდი ლიცენზირებას გაივლის. ისე, რა გასაკვირია, ასეთ მდგომარეობაში თამაში ცოტა არ იყოს, რთულიცაა...