ფეხბურთი

21:10 | 2.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

სოსო ფრუიძე: “მოცემულ ვითარებაში, ღირსეული გახდება ჩემპიონი”

საჩხერის “ჩიხურას” მთავარი მწვრთნელის, სოსო ფრუიძის განცხადებით, “სამტრედიასთან” მატჩში მისი გუნდი მოგებაზე ითამაშებს. როგორც ბატონმა სოსომ worldsport.ge-ს განუცხადა, ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოს ღირსეული ჩემპიონი ეყოლება, მოცემულ ვითარებაში.

“საჩხერეში მოთოვა და მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში ჩავატარეთ. გუნდში კარგი განწყობაა, ვიცით, რომ რთული თამაში იქნება და ისიც, რომ ხვალ არ გადაწყდება ჩემპიონის ბედი. საბოლოოდ, ვინც არ უნდა მოიგოს ეს ორმატჩიანი დუელი, ნამდვილად ღირსეული ჩემპიონი იქნება, იმ მოცემულობაში რაც გვაქვს დღეს საქართველოში.

სამტრედიაში მოგებაზე ვითამაშებთ, რადგან სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს სახლის თამაშის ფაქტორი და განმეორებით მატჩს ნეიტრალურ მოედანზე ვმართავთ რეალურად. ასე რომ, ხვალ ჩვენი მიზანი გამარჯვება იქნება.

რაც შეეხება საკადრო პრობლემებს, იცით, რომ ივანიშვილი დიდი ხანია ვერ გვეხმარება და ეს დიდი დანაკლისია ჩვენთვის. ასევე, გვალია, რომელსაც ოჯახური პრობლემები გააჩნია”, - გვითხრა ფრუიძემ.

“სამტრედიისა” და “ჩიხურას” ფინალური დაპირისპირების პირველი თამაში შაბათს, “ეროსი მანჯგალაძის” სტადიონზე გაიმართება, ხოლო საპასუხო, თბილისში, 11 დეკემბერს. ხვალინდელი მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას კი, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გეგმავს.

0.121543