ფეხბურთი

19:54 | 2.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

გია ცეცაძე: “ახალ ველოსიპედს არ ვიგონებ – მთავარია გავიმარჯვოთ”

საფეხბურთო კლუბ “სამტრედიას” მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე საჩხერის “ჩიხურასთან” რთულ მატჩს ელოდება. როგორც ბატონმა გიამ პირველი ფინალური დაპირისპირების წინ worldsport.ge-ს უთხრა, სოსო ფრუიძე მისი უფროსი მეგობარია, მაგრამ ჩვენს წინააღდეგ წარმატებას ვერ ვუსურვებო.

“გუნდში თამაშის წინ ნორმალური განწყობაა. რაც მთავარია, ტრავმირებული ფეხბურთელები არ გვყავს. ფაქტია, რომ რთული თამაში იქნება, სხვა თუ არაფერი, ფინალია. ახალს არაფერს ვამბობ, ჩვენი მთავარი მიზანი გამარჯვებაა და რაც უფრო დიდი ანგარიშით მოვიგებთ, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება. ისე კი, ჩემპიონობის ბედს ხვალინდელი კი არა, საპასუხო თამაში გადაწყვეტს.

“ჩიხურა” ძალიან კარგი გუნდია, ისედაც ყველამ იცის. კარგი ფეხბურთელებით და მწვრთნელით. ბატონი სოსო ჩემი უფროსი მეგობარია, მაგრამ ბუნებრივია, ხვალინდელ მატჩში წარმატებებს ვერ ვუსურვებ (იღიმის). დანარჩენი კი ვნახოთ, მოედანზე გამოჩნდება”, - გვითხრა ცეცაძემ.

“სამტრედიასა” და “ჩიხურას” ფინალური რაუნდის პირველი მატჩი შაბათს, სამტრედიაში გაიმართება. შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ.

0.130442