ფეხბურთი

18:22 | 1.12.2016 | ნანახია [] - ჯერ

პლეი-აუტი: ერთი დამრჩენი გამოიკვეთა, მეორე - გასარკვევია

საქართველოს უმაღლესი ლიგის გარდამავლ ჩემპიონატში დღეს ჯერი პლეი-აუტის ორ მატჩზე მიდგა. პირველი თამაშების შემდეგ პროლიგა 1-ში დამრჩენი ერთი გუნდის ვინაობა გამოიკვეთა – გორის “დილა”.

საქართველოს 2015 წლის ჩემპიონმა ლანჩხუთში, “ევგრაფი შევარდნაძეზე” იქაურ “გურიას” აფრიკელი ლეგიონერების, კოფი დან კოვასა და რამარიკ ეტოუს მიერ მეორე ტაიმში გატანილი ორი უპასუხო ბურთით მოუგო. შესაბამისად, ახლა უჩა სოსიაშვილის გუნდს საკმაო ფორა აქვს მიღებული იმისთვის, რომ ქვედა ლიგაში არ გავარდეს. ფეხბურთში წინასწარი პროგნოზები საერთოდ უმადური საქმეა, მაგრამ ფაქტია, რომ “თენგიზ ბურჯანაძეზე” “გურიასთვის” ადვილი არ იქნება ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოხვრა.

მეორე წყვილში კი, ჯერ კიდევ ყველაფერი გასარკვევია – ბოლნისში “სიონმა” და ქობულეთის “შუქურამ” ერთმანეთს თავი შეაკლეს და დრამატული მატჩიც შემოგვთავაზეს. საბოლოოდ, მასპინძლებმა უფრო იძალეს და 4:3 იმარჯვეს. თუმცა, ბუნებრივია, ეს ბოლნისელებს საპასუხო თამაშში არაფრის გარანტიას არ აძლევს და “ჩელე არენაზე” ნამდვილი ფინალი გველის უმაღლესში დასარჩენად.

დღევანდელი თამაშის გმირი კი, მასპინძელთა ფორვარდი ირაკლი სიხარულიძე იყო, ვინც 85-ე წუთზე ასე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა “სიონს”. ირაკლიმ ამ მატჩში დუბლი გაიფორმა. აღსანიშნავია, რომ აჭარლებს თამაშის ჩამთავრება 9 კაცის შემადგენლობით მოუწიათ – ორივე ფეხბურთელი სტუმრებს მაშინ გაუძევეს, როცა ტაბლოზე 4:3 გახლდათ დაფიქსირებული.

პლეი-აუტის საპასუხო თამაშები 6 დეკემბერს, ქობულეთსა და გორში გაიმართება.

“გურია” – “დილა” 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 კოფი დან კოვა (56), 0:2 ეტოუ (83)

გაძევება: ჭეიშვილი (66)

“სიონი” – “შუქურა” 4:3 (2:2)

გოლები: 0:1 კომახიძე (9), 1:1 სვანიძე (16), 1:2 ონეიკა (18), 2:2 სიხარულიძე (45), 3:2 ვასაძე (72), 3:3 შალამბერიძე (84), 4:3 სიხარულიძე (85)

გაძევება: შალამბერიძე (86), მალანია (88)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103423