ფეხბურთი

13:41 | 28.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

პლეი ოფების წინ: გოლები, საინტერესო ციფრები

საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში გადამწყვეტი მატჩები იწყება: გაირკვევა ჩემპიონი, მეორეადგილოსანი, მესამეადგილოსანი, კიდევ ორი გავარდნილი. მოკლედ, ჯერ მხოლოდ თასის მფლობელის ვინაობაა ცნობილი, დანარჩენ ამბებს კი ველით.

ამჯერად სტატისტიკურ მონაცემებზე უფრო დავწერთ. ზოგიერთი რამ საინტერესოდ გვეჩვენა, მაგალითად ის, რომ თეთრი ჯგუფის გამარჯვებულმა "ჩიხურამ" სტუმრად ქულათა მაქსიმუმი აიღო (ექვსიდან ექვსი მოგება), როცა შინ 7 ქულა დაკარგა.

თბილისის "დინამომაც" სტუმრად უკეთ ითამაშა, 14 ქულას მოუყარა თავი, როცა "დინამო არენაზე" მხოლოდ 9 აიღო; იგივე ითქმის ბათუმის "დინამოზე". ლევან ხომერიკის გაწვრთნილებმა გასვლაზე 12 ქულა აიღეს და თამაშიც არ წაუგიათ, ქობულეთში კი მხოლოდ 8 ქულა მოაგროვეს. ისე, ბათუმელებზე "შინ-სტუმრად" ცნება ცოტა უადგილოცაა - სულ სტუმრად თამაშობენ იმ ცუდი მიზეზის გამო, რომ ბათუმში სტადიონი არაა...

"ზუგდიდმა" სტუმრად ექვსივე თამაში წააგო, აი ქობულეთის "შუქურას" კი გასვლაზე მართლაც რომ უცნაური შედეგი აქვს: ექვსივე ფრე...

ჩემპიონატის 84 მატჩში გავიდა 206 გოლი. საშუალოდ 2,45 გოლი ერთ შეხვედრაში.

ჰეთ-თრიქი ორჯერ აღინიშნა. "საბურთალოს" ფორვარდმა გიორგი ფანცულაიამ ფოთის "კოლხეთთან" (6:1), ხოლო ბათუმის "დინამოს"თავდამსხმელმა ელგუჯა ლობჯანიძემ ბოლნისის "სიონთან" (3:0) შეასრულა. საინტერესოა, რომ ფანცულაიას ანგარიშზე მხოლოდ ეს სამი გოლია, სხვა მატჩებში ერთხელაც არ გაუტანია.

დუბლი სამ-სამჯერ მიითვალეს საბა ლობჟანიძემ ("ჩიხურა") და ბუდუ ზივზივაძემ ("სამტრედია"), ორ-ორჯერ კი ეს შესძლეს ჯაბა დვალმა ("ცხინვალმა") და გეგა დიასამიძემ ("ლოკომოტივი").

ბომბარდირები

ზივზივაძე (სამტრედია) - 11, ლობჟანიძე (ჩიხურა) - 8, დვალი (ცხინვალი) - 7, არაბული (სამტრედია), ვოლკოვი (სიონი) - 6-6, დიასამიძე (ლოკომოტივი), ხარაიშვილი (საბურთალო), ლობჯანიძე (დინამო ბათუმი), მამასახლისი (ტორპედო), შონია (დინამო ბათუმი) - 5-5. '

პლეი ოფში ერთმანეთს ორ მატჩში შეხვდებიან (30 ნოემბერსა და 4 დეკემბერს)

თეთრი ჯგუფის III - წითელი ჯგუფის II: ტორპედო - დინამო ბათუმი

წითელი ჯგუფის III - თეთრი ჯგუფის II: საბურთალო - დინამო თბილისი

მოგებულები 10 დეკემბერს "მცირე ფინალში", მესამე ადგილისთვის მატჩში შეხვდებიან ერთმანეთს - ნეიტრალურ მოედანზე.

შენიშვნა: მცირე ფინალს ვინც მოიგებს, ის გავა გაისად ევროპის ლიგის საკვალიფიკაციოზე; თუ "ტორპედომ" მოიგო, მაშინ "მცირე ფინალში" წაგებული გავა ევროპაზე, რადგან "ტორპედომ" საქართველოს თასი მოიპოვა და ისედაც უკვე გაინაღდა ევროტურნირები.

პლეი აუტში გუნდები ერთმანეთს ორ მატჩში შეხვდებიან (1 და 6 დეკემბერს)

თეთრი ჯგუფის მეექვსე - წითელი ჯგუფის მეხუთე: გურია - დილა

წითელი ჯგუფის მეხუთე - თეთრი ჯგუფის მეექვსე: სიონი - შუქურა

წყვილში გამარჯვებულები გაისადაც პროლიგა1-ში ითამაშებენ, წაგებულები კი - გავარდებიან პროლიგა2-ში.

0.11433