ჩოგბურთი

10:10 | 28.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინამ დევისის თასი ისტორიაში პირველად მოიგო

არგენტინის ჩოგბურთელთა ნაკრებმა ისტორიაში პირველად დევისის თასი მოიპოვა. ზაგრებში გამართულ ფინალში არგნეტინელებმა მასპინძელი ხორვატია 3:2 დაამარცხეს. პირველი ორი დღის შემდეგ ხორვატები 2:1-ს იგებდნენ.

მეოთხე მატჩში ერთმანეთს ლიდერები ხუან მარტინ დელ პოტრო და მარინ ჩილიჩი დაუპირისპირდნენ. ყველაფერი ისე დაიწყო, რომ მარინმა პირველი ორი სეტის მოგება მოახერხა და ხორვატია 2:0 დაწინაურდა. თითქოს ფინალის ბედი გადაწყვეტილი იყო, თანაც დელ პოტროს თამაშის ხარისხი ზედიზედ სამი სეტის მოგების შესაძლებლობას წარმოუდგენელს ხდიდა, მაგრამ მესამე სეტში 6:5-ზე არგენტინელის სასარგებლოდ ხუან მარტინი ბადესთან გასვლით ბრეიკს აკეთებს, საიდანაც იწყება ჩილიჩის რეგრესი. მეოთხე პარტიაშიც მძიმე ბრძოლა გაიმართა, მაგრამ ჩილიჩის ბრძოლის და მაყურებლების მხარდაჭერის მიუხედავად გადამწყვეტი მეხუთე სეტი დაინიშნა, სადაც სტარტზევე მარინმა ბრეიკი შეასრულა, თუმცა დელ პოტრომ უკუბრეიკი გააკეთა, რასაც შემდეგ კიდევ ერთი ბრეიკი დააყოლა, სასწაული შეხვედრა მოატრიალა (6:7, 2:6, 7:5, 6:4, 6:3) და ფინალურ სერიაში ანგარიში 2:2 გახადა. დელ პოტრო ჩილიჩის შეხვედრა 4 საათსა და 57 წუთს გაგრძელდა.

გადამწყვეტი შეხვედრის სათამაშოდ, ერთმანეთის პირისპირ გიგანტი ხორვატი ივო კარლოვიჩი და ფედერიკო დელბონის წარსდგნენ. დელბონისმა მეტოქე იოლად 6:3, 6:4, 6:2 დაამარცხა, ისე, რომ კარლოვიჩმა 2-ბრეიკ-პოინტიდან ვერცერთი გამოიყენა. არგენტინამ ხორვატიას 3:2 სძლია და დევისის თასს დაეუფლა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინა დევისის თასის ფინალში აქამდე ოთხჯერ იყო გასული (1981, 2006, 2008, 2011) და ვერცერთხელ მოახერხა გამარჯვება, ხოლო ხორვატებს დევისის თასი 2005 წელს აქვთ მოგებული.

არგენტინის ნაკრებს სამი დღის განმავლობაში ტრიბუნებიდან აქტიურად ქომაგობდა ლეგენდარული დიეგო მარადონა.

0.382115