საქართველოს 2016 წლის ჩემპიონატი ძიუდოში 81, 90, 100 და +100 კილოგრამი წონითი კატეგორიების შიდა კონკურენციით დასრულდა. დღეს, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში, ტატამზე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ავთანდილ ჭრიკიშვილიც გავიდა, რომელმაც რიო დე ჟანეიროს წარუმატებელი ოლიმპიური თამაშების შემდეგ, 81 კილოგრამიდან 90-ში ასვლა გადაწყვიტა და ახალ წონაში დებიუტი უმალ საქართველოს ჩემპიონობით აღნიშნა.
გადამწყვეტ ბრძოლაში ჭრიკიშვილი უშანგი მარგიანს დაეჭიდა, რომელიც ასევე ახალი გადასულია 81-დან 90-ში. აბსოლუტურად თანაბარი, უილეთო ბრძოლის ბედი ერთადერთმა გაფრთხილებამ გადაწყვიტა. ფინალამდე ავთანდილ ჭრიკიშვილმა ლერი დადვანი, ოთარ გოგისვანიძე, გიორგი კარაპეტიანი და არჩილ გოგოლაშვილი დაამარცხა.
ჭრიკიშვილისა და მარგიანის ყოფილ წონაში ყველას თამაზ კირაკოზაშვილმა აჯობა. 20 წლის ძიუდოისტმა დილის პროგრამაში ოთხი მეტოქე ჩამოიშორა: გოჩა ზაქრაძე, ვანო ჩურჩხელაშვილი, ბექა დონღვანი და გიორგი პაპუნაშვილი. საჩემპიონო ბრძოლაში კი გამოცდილ ამბაკო ავალიანს 52 წამში შეუსრულა იპონი.
100 კილოგრამი წონითი კატეგორია ლაშა ტაველურისა და იასონ ნემსაძის ფინალით დაგვირგვინდა და ტაველურმა 29-ე წამზე, ხელის მტკივნეული ილეთით იმარჯვა. ოქროს შეხვედრამდე ლაშა ტაველურმა გოგა კორიფაძის, გოგი კილაძის, ზაურ კენჭაძისა და ონისე სანებლიძის ძლევა მოასწრო.
უმძიმეს წონაში კი პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე გურამ თუშიშვილი ავიდა. დავით რაზმაძის გიორგი ზაქარიაძისა და ონისე ბუღაძის დამარცხების შემდეგ, ფინალში თუშიშვილი ლევან მატიაშვილს უნდა დაპირისპირებოდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა მცირე ტრავმის გამო ჭიდაობაზე უარი განაცხადა და ვერცხლს დასჯერდა.
საქართველოს ჩემპიონ-პრიზიორებით ქვეყნის ახალი ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაკომპლექტდა. მედალოსნები ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელის – ირაკლი ცირეკიძის ხელმძღვანელობით, მომავალი სეზონიდან შეკრებებზე მოემზადებიან და საერთაშორისო ტურნირებზეც იჭიდავებენ. საუკეთესოებით კი ევროპის ჩემპიონატის განაცხადი შეივსება.
ძიუდო
საქართველოს ჩემპიონატი
თბილისი
26-27 ნოემბერი
60 კგ
1 ლუხუმ ჩხვიმიანი
2 ამირან პაპინაშვილი
3 გიორგი ბროლაშვილი
3 ზაქარია ბეგლარაშვილი
66 კგ
1 ვაჟა მარგველაშვილი
2 ლაშა გიუნაშვილი
3 თორნიკე თათარაშვილი
3 თორნიკე ნაგლიაშვილი
73 კგ
1 ფრიდონ გიგანი
2 ნუგზარ ტატალაშვილი
3 გიგა გიგაური
3 ომარ ნიაზაშვილი
81 კგ
1 თამაზ კირაკოზაშვილი
2 ამბაკო ავალიანი
3 კობა მჭედლიშვილი
3 გიორგი პაპუნაშვილი
90 კგ
1 ავთანდილ ჭრიკიშვილი
2 უშანგი მარგიანი
3 ნოდარ ბერიანი
3 არჩილ გოგოლაშვილი
100 კგ
1 ლაშა ტაველური
2 იასონ ნემსაძე
3 დავით ოზბეთელაშვილი
3 ალექსანდრე ზაალიშვილი
+100 კგ
1 გურამ თუშიშვილი
2 ლევან მატიაშვილი
3 იასონ ბუღაძე
3 გუგა კიბორძალიძე