კახა მახარაძე ერთი კვირის წინ უზბეკეთის ჩემპიონი გახდა ტაშკენტის "ლოკომოტივის" შემადგენლობაში, დღეს კი ქვეყნის თასიც მოიგო. ფინალში "ლოკომოტივმა" 1:0 სძლია ერთ დროს ფულით გაძეძგილ "ბუნიოდკორს" და მახარაძემაც შეუცვლელად ჩაატარა მატჩი.
კახა მახარაძე გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და უზბეკეთის ოთხგზის ჩემპიონია. სამჯერ მოიპოვა ეს ჯილდო "ფახთაქორში", წლეულს კი "ლოკომოტივშიც" გაჩემპიონდა.
შეგახსენებთ, მახარაძეს შარშან კახა ცხადაძეც იძახებდა საქართველოს ეროვნუილ ნაკრებში: მალტასთან და გერმანიასთან შეხვედრებში სასტარტოშიც დააყენა.
რუსეთში მოსკოვის "სპარტაკმა" ჯანო ანანიძის გარეშე მოუგო გროზნოს "ტერეკს", სტუმრად 1:0. ანანიძე მცირე ტრავმის გამო ტოვებდა ამ შეხვედრას. "სპარტაკი" პრემიერლიგას ლიდერობს.
გიორგი ჭანტურიას "ურალმა" სტუმრად ქულა აიღო მოსკოვის "ლოკომოტივთან" - 1:1. ჭანტურიამ 57-ე წუთზე ორთაბრძოლისას მუხლი იტკინა და ექიმებმა საკაცით გაიყვანეს მინდვრიდან. ტრავმის სიმძიმეზე ჯერ ნაადრევია საუბარი, მოგვიანებით შევიტყობთ.
"ურალის" თავკაცმა სინანულით აღნიშნა ჭანტურიას ტრავმის შესახებ. პრესამ კი მანამდელ მომენტზეც გაამახვილა ყურადღება, როცა ქართველის წინააღმდეგ უხეშობისთვის "ლოკოს" ნახევარმცველი ვიტალი დენისოვი არ გააძევეს და გაფრთხილება აკმარეს. არადა, ბოლო იმედის ჯარიმა იყო...
ცსკა-"რუბინი" (0:0) კვლავაც სოლომონ კვირკველიას გარეშე... ყაზანელთა მწვრთნელმა თამაში დაანატრა კვირკველიას, რომელიც გასულ სეზონში რუსული პრემიერლიგის ერთ-ერთი რჩეული მცველი გახლდათ.
უკრაინულ პრემიერლიგაში სანდრო კობახიძის "ვორსკლამ" სტუმრად 1:0 მოუგო "სტალს" და მეშვიდე ადგილზეა. სასტარტოში იყო და ტაიმნახევარიც ითამაშა.
უნგრეთში ბუბა დაუშვილის "დიოშდიორმა" 2:0 მოუგო პაქშ-ის და მეცხრე (ბოლოდან მეოთხე) პოზიციაზეა. დაუშვილს პრაქტიკა მუდმივად აქვს, ამჯერადაც შეუცვლელად ითამაშა.
საბერძნეთში "ვერიამ" წააგო "იანინასთან" (0:2) და ბოლოსწინაზეა. გიორგი ნავალოვსკი "ვერიას" განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.
ჰოლანდიაში "ვიტესმა" ვერ მოუგო "ექსელსიორს" - 2:2. გურამ კაშიას გუნდი საწყის წუთებში ჩავარდა და 0:2 აგებდა, მერე კი სიტუაცია გამოასწორა და გაათანაბრა, მაგრამ მესამე ვეღარ გაიტანა. კაშიამ შეუცვლელად ითამაშა და შეტევებში დიდი დროც გაატარა. არნემელები მეშვიდე ადგილზე არიან.