საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბაქოს გრან-პრიზე ორი მედალი მოიპოვა. რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი შმაგი ბოლქვაძე (66 კგ) აზერბაიჯანულ ხალიჩაზე ვერცხლის მედალს დაეუფლა. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ზურაბ დათუნაშვილმა (75 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.
ბოლქვაძემ ფინალის გზაზე ეგვიპტელი მოჰამედ ელსაიედ იბრაჰიმი (6:2), ყაზახი ნურტაი ნურგალიევი (2:0) და აზერბაიჯანელი როვშან ტაგიევი (2:0) ჩამოიშორა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი რუს არტიომ სურკოვთან სრული დატვირთვით ჭიდაობაში ხელი ნეკნის ტრავმამ შეუშალა და 1:4 დამარცხდა.
დათუნაშვილმა ოქრო-ვერცხლის შანსი ნახევარფინალში დაკარგა, სერბ ვიქტორ ნემესთან წაგებით (0:4). იქამდე ორი მეტოქე დაამარცხა: ირანელი მოჰამედალი გერაეი სუფთად, ხოლო სამხრეთკორეელი იონ-გუი იუნი – 6:3. რეპეშაჟის ფინალში კი აზერბაიჯანელ მეჰრაჯ კერიმოვს აჯობა.
დღესვე, ბაქოს გრან-პრიზე საქართველოს დროშის ქვეშ რობერტ კობლიაშვილმაც (85 კგ) იჭიდავა, მაგრამ წარუმატებლად - პირველსავე შეხვედრაში 1:2 წააგო კუბელ დანიელ ჰეჩივარიასთან და მალევე, რეპეშაჟის გზაც ჩაეკეტა.