ინგლისის ეროვნული ნაკრების, “ლივერპულისა” და “ლოს ანჯელეს გალაქსის” ყოფილმა ნახევარმცველმა სტივენ ჯერარდმა კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა.
“წარმოუდგენელი კარიერა მქონდა. ყოველი წუთისთვის ვემადლიერები “ლივერპულს”, “ლოს ანჯელეს გალაქსის” და ინგლისის ეროვნულ ნაკრებს. განვლილი გზის გადახედვისას თავს ბედნიერად ვგრძნობ, ბევრი დაუვიწყარი მომენტი მქონდა. ვამაყობ, რომ “ლივერპულის” მაისურით 700-ზე მეტ თამაშში მივიღე მონაწილეობა და უმეტეს შემთხვევაში კაპიტნის სამკლავურით. მქონდა ბედნიერება უდიდესი ფეხბურთელების გვერდით მეთამაშა. მუდმივი მხარდაჭერისთვის დიდ მადლობას ვუხდი გულშემატკივრებს და ჩემს ოჯახს. რაც შეეხება ჩემს მომავალს, ამის შესახებ განცხადებას უახლოეს პერიოდში გავაკეთებ” - ამბობს ჯერარდი, რომელმაც “ლივერპულის” ძირითად გუნდში 17 სეზონი გაატარა. ყველა ტურნირზე “მერსისაიდელთა” ღირსება 710 მატჩში დაიცვა და 85 გოლი გაიტანა, მოიგო ინგლისის თასი, ლიგის თასი და სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას თასი და უეფას სუპერთასი. 114 შეხვედრა და 21 გოლი ირიცხება ჯერარდის აქტივში ეროვნული გუნდის შემადგენლობაში. ნაკრებში ჩატარებული თამაშების რაოდენობით ის მხოლოდ პიტერ შილტონს და დევიდ ბექჰემს ჩამორჩება.
სტივენი “ლივერპულიდან” “ლოს ანჯელეს გალაქსიში” 2015 წლის იანვარში გადაბარგდა - 34 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა ხუთი გოლი და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა. 36 წლის ფეხბურთელმა ამერიკული კლუბი მიმდინარე თვეში დატოვა და მიუხედავად იმისა, რომ წინადადებების ნაკლებობას ევროპაშიც არ უჩიოდა, კარიერის გაგრძელება აღარ ისურვა.