ფეხბურთი

15:40 | 23.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

რატომ შეწყდა ბათუმის ბაზის მშენებლობა?

ბათუმის "დინამო" თამაშებს იგებს ეროვნულ ჩემპიონატში, თავის ჯგუფში მეორე ადგილზეა და შესაძლოა, ევროტურნირებზეც გავიდეს, ამასობაში კი სტადიონს ვინ ჩივის, ბათუმში დაპირებული ბაზაც ვერ აშენდა... ამ პრობლემების შესახებ აჭარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ბათუმის "დინამოს", თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ასაკობრივი ნაკრებები ყოფილი მეკარე ირაკლი თოთლაძე გვიყვება:

"ანგისას ტერიტორიაზე ბაზის მშენებლობა შეჩერებულია, მშენებელი კომპანისგან არაფერი ისმის და მათ ვერც ვუკავშირდებით. ბათუმის მერიამ გვითხრა, რომ კომპანიას დააჯარიმებს, მაგრამ დაჯარიმება საქმეს რას უშველის, ამასობაში დრო გადის და ბაზა მიტოვებულია. ბაზაზე დაცვაც არაა... მშენებლობის ნახევარი დასრულებულია, შენობა დგას, მაგრამ ბევრი რამ გასაკეთებლია".

თოთლაძემ გვითხრა, რომ დაახლოებით ერთი თვეა, რაც ბაზაზე მშენებლობის პროცესი შეწყდა. წინასწარი ცნობით, მშენებლობა სწორედ ნოემბერში უნდა დასრულებულიყო.

შესაბამისად, ბათუმის "დინამო" ისევ ქობულეთის "ჩელე არენაზე" დადის სავარჯიშოდ და სათამაშოდაც, გზა კი დამღლელია და ამაზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლევან ხომერიკმაც არაერთხელ განაცხადა - ბათუმის "დინამო" უკეთეს მოპყრობას, უკეთეს პირობებს იმსახურებსო.

ბათუმში სტადიონის საკითხი? ამის შესახებაც ირაკლი თოთლაძემ გვითხრა:

"ჯერ პროექტი გაკეთდა. ახლა უნდა შედგეს ზედამხედველობაზე ტენდერი, მერე მშენებლობაზე ტენდერი. ანუ ორი ეტაპია გასავლელი. ზედამხედველობაზე ტენდერს ვინც მოიგებს, ის გააკონტროლებს მშენებარე კომპანიას".

კი ბატონო, მაგრამ რით ვერ მორჩა, რით ვერ მოება თავი?! თოთლაძემ სინანულით აღნიშნა, ბათუმში საფეხბურთო ინფრასტრუქტურა ჩამკვდარია, ბავშვები უხარისხო ხელოვნურსაფარიანზე ვარჯიშობენ, მაგრამ სხვა გზა რომ არ აქვთ, რა ქნანო... ელემენტარულად, ბათუმში ერთი ისეთი სტადიონი არაა, სადაც თამაში შესაძლებელი იქნება.

0.168369