სხვა

15:11 | 23.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი კაჩი-კოშის მიუახლოვდა, გაგამარუს შანსი მცირდება (+VIDEO)

ელიტარული სუმოს უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში მოჭიდავე ლევან გორგაძეს ნოემბრის ბაშოზე საბოლოო დადებით ბალანსს – კაჩი-კოშის ერთადერთი ქულა აშორებს. ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ქართველმა სეკიტორმა, რომელიც სეზონის ბოლო სუპერტურნირს მე-6 მაეგაშირას რანგში ატარებს, დღეს გამართულ მე-11 ტურში ასევე მე-6 მაეგაშირა ნიშიკიგის აჯობა და 7 მოგება და 4 წაგება დაუგროვდა.

უმაღლეს დივიზიონშივე, მე-16 მაეგაშირას წოდებით მოჭიდავე თეიმურაზ ჯუღელისთვის, იგივე გაგამარუსთვის კი მე-11 ტური წარუმატებელი აღმოჩნდა - მე-9 მაეგაშირა კაგაიაკისთან დამარცხდა და მაკუუჩიში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლას მინიმალური უარყოფითი ბალანსით (5:6) აგრძელებს. მიზნის მისაღწევად გაგამარუს დარჩენილი ოთხი შეხვედრიდან მინიმუმ სამის მოგება სჭირდება.

ხვალ გასამართ მე-12 ტურში ქართველები მონღოლ მეტოქეებს დაუპირისპირდებიან. ლევან გორგაძე მე-13 მაეგაშირა იტინოჯოს პირისპირ დადგება, თეიმურაზ ჯუღელი კი მე-10 მაეგაშირა ტიოშომას შეხვდება.

0.136204