იტალიის სერია A-ს დღევანდელი სათამაშო დღე ერთი შეხედვით არაფრის მთქმელი მატჩით დაიწყო, მაგრამ საბოლოოდ "სამპდორიასა" და "სასუოლოს" დაპირისპირება ძალზე დრამატული გამოდგა. აღნიშნულ მატჩს სტუმრები 84(!)-ე წუთამდე 2:0 იგებდნენ და თითქოს უნდა მოეგოთ კიდეც, მაგრამ დარჩენილ დროში, "სამპამ" მოახერხა სამი გოლის გატანა და გაიმარჯვა.
აღსანიშნავია, რომ "სასუოლოს" მიმდინარე სეზონში მსგავსი რამ პირველად არ დამართნია - დაახლოებით ერთი თვის წინ "ნეროვერდი" სტუმრად "მილანს" 3:1 უგებდა, მაგრამ მატჩის ბოლო 15 წუთში სამი გოლი გაუშვა და წააგო. ორი კვირის წინ კი, ევროპა ლიგაზე ვენის "რაპიდს" 85-ე წუთამდე ამარცხებდა 2:0 და საბოლოოდ ფრეს დასჯერდა (2:2). მაშინ იტალიელთა კარში გადამწყვეტი გოლი ქართველმა გიორგი ქვილითაიამ გაიტანა.