ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და "გალათასარაის" ნახევარმცველმა ვესლი სნეიდერმა განაცხადა, რომ კარიერის დასრულებამდე "მილანში" თამაშზე ოცნებობს. 32 წლის მოთამაშე წლების განმავლობაში "ინტერის" რიგებში თამაშობდა, თუმცა როგორც თვითონ აღნიშნავს, კლუბიდან უთანხმოების გამო წამოვიდა.
"ინტერისთვის" ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ საბოლოოდ საქმე ცუდად დასრულდა და ამის გამო განადგურებული ვიყავი. ბავშვობიდან "მილანის" მაისურით თამაში ჩემი ოცნება იყო და თუ იტალიაში დავბრუნდები, "როსონერის" რიგებში ვიასპარეზებ. უკვე ასაკიანი ვარ, თუმცა თამაში ჯერ კიდევ შემიძლია. იტალიის ჩემპიონატს ვუყურებ და ვიცი, ისეთი დონე აღარაა, როგორიც ხუთი წლის წინ იყო." - განაცხადა სნაიდერმა.
"ნარინჯისფერთა" კაპიტანმა "ინტერის" მაისურით იტალიის ჩემპიონატი, თასი, სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო თასი მოიგო. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება ამ ეტაპისთვის 11 მილიონი ევროა. სნეიდერს თურქულ გუნდთან კონტრაქტი 2018 წლის ივლისამდე აკავშირებს.