ფორმულა 1-ის ახალი მფლობელი, კორპორაცია „ლიბერტი მედია“ მოწადინებულია, რომ გაზარდოს სპორტის ამ სახეობის მოგება, რასაც რბოლების რიცხვის მომატებით აპირებს. კალენდარს შესაძლოა ლას ვეგასის ეტაპი დაემატოს, სადაც რბოლა ღამით ჩატარდება. ახლახანს ბარსელონაში გამართულ პრეს კონფერენციაზე, „ლიბერტის“ მთავარმა აღმასრულებელმა გრეგ მაფეიმ განაცხადა, რომ დაინტერესებულია ლას ვეგასის რბოლით და ფ1-ის კალენდრის გაზრდით.
„ძალიან მომწონს ლას ვეგასის ღამის რბოლის იდეა“, - განაცხადა მაფეიმ და დასძინა, რომ ამ თემაზე უკვე მუშაობს ბერნი ეკლსტოუნი, ვინც პოტენციურ დაინტერესებულ მხარეებს დაუკავშირდა. მაგრამ პირველი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. თუმცა ეს მანამ იყო, სანამ ფ1-ის მფლობელი „ლიბერტი“ გახდებოდა.
მაფეი ასევე ამბობს, რომ თუ კალენდარს მეორე ამერიკული რბოლა დაემატება, ეს უნდა იყოს ახალ ადგილზე და არა იქ, სადაც სამეფო რბოლები ადრე ტარდებოდა. ასეც რომ არ იყოს, მისი აზრით, კალენდარში ეტაპების რაოდენობა გასაზრდელია.
„რა თქმა უნდა, არსებობს რაღაც ზღვარი, რომელზე მეტი რბოლის ჩატარებაც შეუძლებელია. გუნდებს მანქანების მთელი მსოფლიოს გარშემო გადატანა უწევთ. თუმცა, რბოლების რიცხვის ოდნავ გაზრდა მაინც შესაძლებელია. საინტერესება ყოველმხრივია - FIA მეტ ფულს მიიღებს, გუნდებიც, ჩვენც. მაგრამ ახალ რბოლებს მეტი უნდა გადავახდევინოთ“, - ამბობს მაფეი.
უნდა ითქვას, რომ გუნდებს არ სურთ კალენდრის კიდევ უფრო გაფართოება. ამის მიზეზი ისაა, ამისთვის შტატის გაზრდაა საჭირო, რადგან გუნდს წევრები წლის განმავლობაში მოწყვეტილნი არიან ოჯახებს და მათ პერიოდულად დასვენება სჭირდებათ. იზრდება ლოჯისტიკური ხარჯებიც. თუმცა, შესაფერის ანაზღაურების შემთხვევაში, ეს პრობლემები ადვილად გადასაჭრელია...







