ფეხბურთი

0:44 | 19.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: მოურინიო VS ვენგერი - ამჯერად “ოლდ ტრაფორდზე”

პრემიერლიგის მე-12 ტურის ცენტრალური შეხვედრა “ოლდ ტრაფორდზე” გაიმართება, სადაც ადგილობრივი “მანჩესტერ იუნაიტედი” ლონდონის “არსენალს” უმასპინძლებს.

აღნიშნულ ჯახს მნიშვნელობა და ინტრიგა არასდროს აკლდა, თუმცა ამას კიდევ ერთი ფაქტორი შეემატა: ერთმანეთს მათთვის საძულველი ორი მწვრთნელი დაუპირისპირდება: ჟოზე მოურინიოს და არსენ ვენგერის მტრობის შესახებ ყველამ კარგად იცის და ეს უკვე რამდენიმე წელია გრძელდება. ერთმანეთის დამარცხება, ორივესთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დღევანდელ მატჩს ესეც გარკვეულ ელფერს შესძენს.

“იუნაიტედი” ჯერჯერობით არადამაჯერებლად გამოიყურება. საწყის სამ ტურში გამარჯვებას ჩავარდნა მოჰყვა და “წითელმა ეშმაკებმა” გასულ შეხვედრაში 4-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს გათამაშების ერთ-ერთ აუტსაიდერ “სუონსისთან”. ჟოზე მოურინიოს შეგირდებს დიდ გუნდებთან თამაში უჭირთ: “სიტისთან” და “ჩელსისთან” წააგეს, ხოლო “ლივერპულთან” ფრედ ითამაშეს. ამ მომენტისთვის, “იუნაიტედი” 18 ქულით მე-6 ადგილზეა და მასზე ორი პოზიციით წინ მყოფ “არსენალს” 6 ქულით ჩამორჩება.

მასპინძლებს ზლატან იბრაჰიმოვიჩი ვერ დაეხმარება, რომელსაც ყვითელი ბარათების ლიმიტი ამოეწურა. გარდა ამისა, ტრავმირებულნი არიან კრის სმოლინგი, ერიკ ბაილი და ანტონიო ვალენსია, ხოლო მარუან ფელაინის თამაში საეჭვოა.

“არსენალი” მიმდინარე სეზონში ჩინებულად თამაშობს და პირველ ტურში, “ლივერპულთან” განცდილი საშინაო მარცხის (3:4) შემდეგ, აღარ დამარცხებულა. მას შემდეგ კი, სამ თვეზე მეტი გავიდა. ლონდონელებმა გასულ ტურში თანაქალაქელი “ტოტენჰემი” ვერ დაამარცხეს (1:1) და მე-4 ადგილამდე დაქვეითდნენ, თუმცა ლიდერ “ლივერპულს” მხოლოდ ქულით ჩამორჩებიან.

მეტოქის მსგავსად, ტრავმირებული მოთამაშეები “მეთოფეებსაც” ჰყავთ: ჩუბა აკპომი, ჰექტორ ბელერინი, სანტი კასორლა, პერ მერტესაკერი და ლუკას პერესი.

ცნობისთვის, “არსენალმა” “ოლდ ტრაფორდზე” ბოლოს 2006 წელს ემანუელ ადებაიორის გოლით იმარჯვა.

16:30 მანჩესტერ იუნაიტედი – არსენალი

მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”

სავარაუდო შემადგენლობები

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა, ბლინდი, როხო, დარმიანი, შოუ, ერერა, ფელაინი (?), პოგბა, მარტიალი, მატა, რეშფორდი.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

არსენალი (4-3-3): ჩეხი, მუსტაფი, კოშელნი, ჯენკინსონი, მონრეალი, ჯაკა, კოკლენი, უოლკოტი, ოზილი, ივობი, სანჩესი.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

მსაჯი: ანდრე მარინერი

აღნიშნული მატჩის გარდა, კიდევ 7 შეხვედრა გაიმართება. გათამაშების ლიდერი “ლივერპული” გასვლაზე “საუთჰემპტონს” დაუპირისპირდება, “მანჩესტერ სიტი” ლონდონში “კრისტალ პალასს” ესტუმრება, ხოლო “ტოტენჰემი” “უაით ჰართ ლეინზე” თანაქალაქელ “ვესტ ჰემს” მიიღებს.

დღის მატჩები:

16:30 მანჩესტერ იუნაიტედი – არსენალი
19:00 კრისტალ პალასი – მანჩესტერ სიტი
19:00 ევერტონი – სუონსი
19:00 საუთჰემპტონი – ლივერპული
19:00 სტოკი – ბორნმუთი
19:00 სანდერლენდი – ჰალი
19:00 უოტფორდი – ლესტერი
21:30 ტოტენჰემი – ვესტ ჰემი

0.157799