ფეხბურთი

0:18 | 19.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბოლოსწინა ტურმა თან დაალაგა, თან აურია (+VIDEO)

"თეთრ ჯგუფში" ზოგიერთი რამ გაირკვა, ზოგიც კითხვის ნიშნის ქვეშაა. გაირკვა, რომ თბილისის "დინამო" მეორეზე გავიდა და ფლეი-ოფში "წითელი ჯგუფის" მესამეადგილოსანს შეხვდება. დინამოელებმა 4:0 სძლიეს "ლოკომოტივს" და რთულ სიტუაციაში ჩააყენეს, რადგან ახლა "ლოკოზე" აღარაა დამოკიდებული მესამეზე გასვლა და ევროსაგზურისთვის ბრძოლა.

ვარიანტები ბოლო ტურის წინ: მესამეზე "ტორპედოა" და ბოლო ტურში "დინამოს" თუ მოუგებს, მესამეზე გავა. ფრეც კი ჰყოფნის. ხოლო "ტორპედო" თუ წააგებს და "ლოკომოტივი" "შუქურას" მოუგებს, მაშინ "ლოკო" გავა მესამეზე და ქუთათურები მეოთხეზე გადავლენ. ერთი გაირკვა - "ტორპედო" მეოთხეს ქვემოთ აღარ გავა, ანუ გაისად უეჭველად პროლიგა 1-ში ითამაშებს. კახა ჩხეტიანის გუნდი მართლაც კარგ ფორმაშია, თასის ფინალში ხომ გავიდა და ჩემპიონატშიც წაღმა წაიყვანა საქმე.

"ლოკომოტივს" შეუძლია როგორც მესამეზე გასვლა, ასევე მეხუთეზეც... ბოლო ტურში ქობულეთის "შუქურას" უმასპინძლებს და თუ წააგებს, მაშინ მეხუთეზე გავა და უმაღლესში დასარჩენად ფლეი-ოფში წვალება მოუწევს.

"შუქურა" გარისკავს, რადგან რომც წააგოს, ბოლო ადგილზე მაინც აღარ გადის და ყველაზე ცუდ ვარიანტში, მეექვსეზე გავა და ფლეი-ოფში ითამაშებს. ხოლო "ლოკოს" თუ თბილისში აჯობებს, მეოთხე ადგილს დაიკავებს და მშვიდად იქნება.

"გურიამ" 12-ივე მატჩი ითამაშა და ბოლო ტურს ტოვებს. ლანჩხუთელები პირდაპირ იმ შემთხვევაში გავარდებიან, თუ ბოლო ტურში "ცხინვალი" "ჩიხურას" გასვლაზე მოუგებს. "ცხინვალს" სხვა გზა არ აქვს, ივანწმინდაში თუ ვერ მოიგებს, ბოლოზე გავა და გავარდება... მოკლედ, ბევრნაირად შეიძლება დატრიალდეს სიტუაცია, 26 ნოემბერს ბოლო ტურია და გაირკვევა, ვინ რომელზე, ვინ სად.

გურია (ლანჩხუთი) - ჩიხურა (საჩხერე) 0:2 (0:0) VIDEO

გოლები: 0:1 მუმლაძე (65), 0:2 კაკუბავა (86)

ცხინვალი - ტორპედო (ქუთაისი) 1:2 (0:2)

გოლები: 0:1 ტუღუში (16), 0:2 კაპანაძე (30), 1:2 ქარდავა (57)

დინამო (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი) 4:0 (1:0) VIDEO

გოლები: 1:0 პაპუნაშვილი(34), 2:0 ჭანტურიშვილი (54), 3:0 მიქელთაძე (61), 4:0 ჯიღაური (79)

ვიაჩესლავ გროზნის გაწვრთნილებმა აშკარად აჯობეს "ლოკომოტივს" და ეს უფრო მეორე ტაიმზე ითქმის, როცა სტუმართა დაცვა უკვე სრულიად არეული იყო. დინამოელთა ლამის ყოველი მეორე შეტევისას სახიფათო მომენტი იქმნებოდა, იოლად გადიოდა მწვავე პასები და მეკარე რევაზ თევდორაძე საქმეს ვერ აუდიოდა.

ჯაბა ჯიღაურმა ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი გააკეთა, აქტიურები იყვნენ გიორგი პაპუნაშვილი, ბექა მიქელთაძე და ვახტანგ ჭანტურიშვილიც, რომლებმაც ასევე მიითვალეს გოლები. არ გაუტანიათ, მაგრამ მინდორზე ერთ-ერთი საუკეთესონი იყვნენ ოთარ კიტეიშვილი და მათე ცინცაძე...

კიდევ, აკაკი ხუბუტიას ჰქონდა ორი მომენტი. მან ერთხელ თავური ააცილა, ერთხლაც ახლოდან სახიფათოდ დაარტყა და თევდორაძემ რთული ბურთი მოიგერია. გროზნიმ ბოლო წუთებზე სამი ჭაბუკიც შეიყვანა მინდორზე: ნინუა, ჩაკვეტაძე და ზარია. 18 წლის მცველმა ლოჩოშვილმა კი სრულად ითამაშა.

ისე, "ლოკომოტივს" პირველ ტაიმში ჰქონდა კარგი მომენტი და ვერ გამოიყენა, მეორეში კი რეალური შანსი აღარ მისცემია.

1. ჩიხურა 11 8 2 1 23:10 26
2. დინამო თბილისი 11 5 5 1 16:5 20
3. ტორპედო 11 4 3 4 16:11 15
4. ლოკომოტივი 11 4 2 5 10:17 14
5. შუქურა 11 2 5 4 9:12 11
6. გურია 12 3 2 7 8:21 11
7. ცხინვალი 11 2 3 6 11:17 9

თეთრი ჯგუფის ბოლო ტური 26 ნოემბერს გაიმართება: ტორპედო-დინამო (თბილისი), ჩიხურა-ცხინვალი, ლოკომოტივი-შუქურა

0.261593