უკრაინული გამოცემა “სპორტარენა” თბილისის “დინამოს” მთავარ მწვრთნელს ვიაჩესლავ გროზნის ესაუბრა. გროზნი ამბობს, რომ "დინამო" დიდი კლუბია და მოხარულია ამ კლუბში მუშაობით. 60 წლის უკრაინელს ჰკითხეს, უჟგოროდის "ჰოვერლადან" წასვლის შემდეგ, სხვა წინადადებები თუ ჰქონდა.
"საკმაოდ. შემოთავაზებები იყო უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნებიდან. აი,უკრაინიდან არაფერი ყოფილა. ვარშავის "ლეგიას" მწვრთნელობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი ვიყავი და ყველას ვთხოვე, ინფორმაციას არ გაეჟონა. მაინც გაჟონა. მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ჩემს ინტერესებს იცავდა, რომ თბილისის "დინამოს" ვარიანტზე ინფორმაცია თავიდანვე არ გაახმაურეს.
..."დინამოზე" ინფორმაციამ მაინც გაჟონა, რადგან ქართველი ჟურნალისტები იყვნენ "ლოკომოტივთან" სათასო მატჩზე. მე და კლუბის პრეზიდენტი რომან ფიფია ლოჟაში ვიჯექით, ამიტომაც ვერსად გავიქცეოდი. პრეზიდენტმა თავად მთხოვა, ინტერვიუ მიმეცა ჟურნალისტებისთვის და ამეხსნა, რომ ჯერ მოსალაპარაკებლად ჩამოვედი და არაფერზე ხელი არ მომიწერია. შემდეგ ქართველებისაგან უკრაინელმა ჟურნალისტებმაც გაიგეს.
...ნებისმიერ შემთხვევაში, თბილისის "დინამო" დიდი კლუბია და მოხარული ვარ, რომ ასეთ გუნდს ვწვრთნი. "დინამომ" რთულ პერიოდში დამიძახა, მაგრამ კარგად რომ ჰქონოდათ საქმე, მაშინ არ დამიძახებდნენ. ბოლო წლებია, კრიზისულ ტოპ-მენეჯერებს იქ სთავაზობენ სამსახურს, სადაც უჭირთ და ამ მენეჯერებმა სასწრაფოდ რაღაც სასწაული უნდა მოახდინონ. მე ჯადოქარი არ ვარ, არავითარი ჯადოსნური ჯოხი არ გამაჩნია, მაგრამ სამართლიანობასა და პროფესიონალიზმს ყოველთვის ყველას ვპირდები და გარანტიასაც ვაძლევ.
- "დინამო" გრანდია, მაგრამ ხომ არ გთრგუნავთ ის მომენტი, რომ კლუბის მუზეუმს წარსულის მსგავსი ჯილდოები არ ემატება და უახლოეს პერიოდში ევროასპარეზზე ამ ყველაფრის განმეორების დიდი პერსპექტივაც არ ჩანს, თუ ეს შესაძლებლობაა ხელი შეუწყოთ ქართული ფეხბურთის ევროპულ და მსოფლიო დონეზე დაბრუნებას?
- როცა კლუბის ბაზაზე ვხედავ გამოჩენილი ქართველი ფეხბურთელების ფოტოებს, რომლებიც თბილისის “დინამოს” ღირსებას იცავდნენ და თასის მფლობელთა თასი მოიგეს, ვაანალიზებ, რომ ჩემი მისიაა ამ ახალგაზრდა, ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელებისგან მათი მსგავსის შექმნა ვცადო. თუმცა ისიც მესმის, რომ ეს ახლა ძალიან რთულია, ფეხბურთი ინტერნაციონალური გახდა და რაიმე სერიოზული რომ მოიგო, დიდი შრომა უნდა გასწიო. “ბარსელონა” მესის გარეშე და “რეალი” რონალდუს გარეშე ალბათ ვერ მიაღწევდნენ ახლანდელ შედეგებს, ისევე როგორც სხვა კლუბები მათი ლიდერი ლეგიონერების გარეშე.
მაგრამ მინდა, რომ ამ კლუბის მედლები და ტიტულები ისევ კაშკაშებდეს, თბილისის “დინამოზე” ისე ისაუბრონ, როგორც ადრე, ეს არაა უბრალოდ კლუბი, რომელსაც მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატი და თასი მოუგია. მთავარი მიზანია - ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელების იმ დონეზე აყვანა, თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნები რომ დააკმაყოფილონ და მზად იყვნენ ევროპის ტოპ კლუბებში სათამაშოდ. წავიდნენ იმავე კალაძის გზით, რომელიც კიევის “დინამოდან” “მილანში” მოხვდა, ევროპაში ცნობილი სხვა ფეხბურთელების გზით. ესაა მისია ჩვენი შტაბისა, რომელიც აქ უკვე მუშაობს და მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. ეს ურთულესი მისიაა, მაგრამ რას ვიზამთ, მწვრთნელს იოლი საქმე არასდროს აქვს, ეს რთული პროფესიაა.