ფეხბურთი

16:09 | 17.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ყაზაიშვილი წრეზე: ზამთარში “ვიტესში” დაბრუნებას ელიან

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთ-ერთმა ლიდერმა ვაკო ყაზაიშვილმა “ლეგია” შესაძლოა ვადაზე ადრე, იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას დატოვოს. პოლონური გამოცემა futbolfejs.pl გვამცნობს, რომ იაცეკ მაგიერას გეგმებში 23 წლის ქართველი ვერ ჯდება და ამიტომ სავარაუდოა, რომ ვაკო ზამთარში ჰოლანდიაში, კერძოდ, არნემის “ვიტესში” დაბრუნდება.

აღსანიშნავია, რომ მას შემდგომ, რაც “ლეგია” მაგიერამ ჩაიბარა, ყაზაიშვილს მთავარ გუნდში თამაშის შესაძლებლობა ოდენ სამჯერ მიეცა და სამჯერვე შეცვლაზე. ბოლო დროს კი, საერთოდ დუბლებში გადაიყვანეს. არადა, ამის ფონზე ვაკო საქართველოს ნაკრებში კარგად ირჯება – უელსთან ჩინებული საგოლე პასით, ხოლო მოლდოვასთან გოლით გამოიჩინა თავი და მართლაც გასაკვირია, თუ რატომ ვერ ხვდება იგი “ლეგიას” ძირითად შემადგენლობაში.

worldsport.ge ადრეც გამცნობდათ ყაზაიშვილის ბურუსით მოცულ მომავალზე ვარშავაში და როგორც ჩანს ჩვენი ვარაუდი გამართლდა. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ქართველს პოლონეთში შანსი დღემდე არ მიეცა და ამის ნამდვილი მიზეზი უცნობია.

0.114952