ავტოსპორტი

1:42 | 17.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბარიკელო და ლამერსი LMP2 კლასის რბოლებში იასპარეზებენ

ბრაზილიელი რუბენს ბარიკელო და ჰოლანდიელი იან ლამერსი, იტალიური „დალარას“ წარმოების LMP2 სარბოლო პროტოტიპით, გამძლეობაზე რბოლების ევროპულ სერიაში (ELMS) და ლეგენდარულ ლე მანის 24-საათიან რბოლაში იასპარეზებენ. ფ1-ის ყოფილი პილოტები ახლადშექმნილ გუნდ „რეისინგ ტიმ ნედერლანდის“ წევრები გახდნენ.

ბარიკელოსთვის ლე მანის და გამძლეობაზე რბოლები ახალი არაა. მან სამჯერ იასპარეზა დეიტონას 24-საათიან რბოლაში, სადაც თავის კლასში წელს მეორე ადგილი დაიკავა. რბოლაში მან სარბოლო „შევროლე კორვეტით“ იაპარეზა.

რაც შეეხება ლამერსს, მას ლე მანის 1988 წლის რბოლა აქვს მოგებული. სარტეს ტრეკზე ის ბოლოს 2011 წელს გამოვიდა, როცა LMP1 კლასში „ჰოუპ რეისინგის“ „ორეკა-ციტეკით“ იასპარეზა.

„ჩემთვის რუბენსთან ერთად ასპარეზობა, საინტერესო გამოწვევაა. მას 16 წლის ასაკიდან ვიცნობ, როცა ევროპაში ჩამოვიდა. მე მას დავუკავშირდი და შედეგად თანხმობა მივიღე“, - ამბობს ლამერსი.

გუნდს უკვე დაწყებული აქვს სარბოლო ავტომობილის სატესტო პროგრამა, რომელიც მანი-კურის ტრეკზე მიმდინარეობს. გუნდ პირველად სილვერსტოუნზე, ELMS-ის ახალი სეზონის პირველ რბოლაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც აპრილში გაიმართება. ლამერსი ამბობს, რომ მანი-კურზე ტესტებს „ლიჟიეს“ LMP3 კლასის სარბოლო პროტოტიპით გადის. შემდგომში კი ამ ავტომობილის LMP2 პროტოტიპი შეცვლის.

სხვათა შორის, ლამერსთან და „რეისინგ ტიმ ნედერლანდის“ მფლობელ, ასევე ჰოლანდიელ ფრიც ვან ეერდთან ერთად, წლევანდელ ლე მანზე გამოსვლას აპირებდა ფ1-ის კიდევ ერთი ყოფილი პილოტი, მაქს ფერსტაპენის მამა იოს ფერსტაპენი, მაგრამ მან ეს ვერ შეძლო, რადგან კალენდარში ლე მანის რბოლა, ბაქოს ფ1-ის რბოლას დაემთხვა და ის ბაქოშ, თავისი შვილის საქომაგოდ წავიდა.

0.088682