ფეხბურთი

16:20 | 16.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლეგენდარული ბუფონის მორიგი მიღწევა: ევროპაში რეკორდსმენი და ახლოს მსოფლიო რეკორდთან

ჯანლუიჯი ბუფონმა გუშინ, გერმანიის ნაკრებთან მატჩისას, იტალიის ეროვნული გუნდის რიგებში არც მეტი, არც ნაკლები, 167-ე თამაში ჩაატარა. ამ მაჩვენებლით კი, ევროპელ ფეხბურთელებს შორის პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

კერძოდ, ჯიჯის მსგავსად, ნაკრების ღირსება 167-ჯერ დაუცავს ესპანელ იკერ კასილიასს, ხოლო ლატვიელ ვიტალი ასტაფიევსს, რომელსაც 166 სანაკრებო კეპი აქვს მოხვეჭილი, იტალიელმა კიპერმა უკვე გადაასწრო. აღსანიშნავია, რომ ბუფონისგან განსხვავებით მათ სანაკრებო კარიერა დასრულებული აქვთ. შესაბამისად, ჯიჯი ახლო მომავალში აბსოლუტური რეკორდსმენი გახდება. ისიც გამოსარჩევია, რომ მოქმედ ფეხბურთელთაგან ბუფონთან ყველაზე ახლოს ესპანელი სერხიო რამოსია, რომლის ანგარიშზეც დღეისათვის 140 სანაკრებო თამაშია.

რაც შეეხება მსოფლიოს რეკორდსმენს ამ მხრივ – არც ეს უნდა იყოს 38 წლის მეკარისთვის მიუღწეველი. პირველ ადგილზე ეგვიპტელი აჰმედ ჰასანია 184 სანაკრებო თამაშით, თუ გავითვალისწინებთ ბუფონის სათამაშო ფორმას და იმას, რომ 2018 წლის ზაფხულამდე აპირებს თამაშს, არც აფრიკელის მიღწევის გაუმჯობესება უნდა მოსჩანდეს უტოპიად.

ჯანლუიჯი ბუფონს იტალიის ნაკრებში დებიუტი 1997 წლის 29 ოქტომბერს, რუსეთის ნაკრებთან ჰქონდა და მას შემდგომ “სკუადრა აძურას” კარის ხაზზე შეუცვლელი ფიგურაა.

აქვე წარმოგიდგენთ იმ ფეხბურთელთა ნუსხას, რომლებსაც ეროვნული ნაკრების დონეზე ყველაზე მეტი მატჩი ჩაუტარებიათ:

აჰმედ ჰასანი (ეგვიპტე) – 184 თამაში

მოჰამედ ალ დეაია (საუდის არაბეთი) – 178 თამაში

კლაუდიო სუარესი (მექსიკა) – 177 თამაში

ჰოსამ ჰასანი (ეგვიპტე) – 169 თამაში

ივან ურტადო (ეკვადორი) – 168 თამაში

ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია) – 167 თამაში

იკერ კასილიასი (ესპანეთი) – 167 თამაში

ვიტალის ასტაფიევსი (ლატვია) – 166 თამაში

კობი ჯონსი (აშშ) – 164 თამაში

მოჰამედ ალ ხილავი (საუდის არაბეთი) – 163 თამაში

ადნან ალ ტალიანი (არაბეთის გაერთიანებული საამიროები) – 161 თამაში

ბადერ ალ მუტვა (ქუვეითი) – 158 თამაში

ლენდონ დონოვანი (აშშ) – 157 თამაში

მარტინ რეიმი (ესტონეთი) – 156 თამაში

სამი ალ ჟაბერი (საუდის არაბეთი) – 156 თამაში

იასუჰიტო ენდო (იაპონია) – 152 თამაში

ალი დაე (ირანი) – 150 თამაში

ლოთარ მათეუსი (გერმანია) – 150 თამაში

0.134615