პოლონურ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, ამსტერდამის "აიაქსის" წარმომადგენლები ვროცლავის "შლიონსკის" ქართველ მცველ ლაშა დვალს აკვირდებიანო. futbolnews.pl-ის ცნობით, "აიაქსის" სკაუტები პოლონეთის ჩემპიონატის იმ მატჩს ესწრებოდნენ, რომელშიც დვალმა გოლი გაიტანა. ეს იყო დერბიში, ლუბინის "ზაგლებიესთან" შეხვედრაში.
worldsport.ge დვალს დაუკავშირდა:
"როგორც აქ თქვეს და დაწერეს, ჩემი თამაშის სანახავად იყვნენ ჩამოსულები, მაგრამ პირადად არავინ დამლაპარაკებია. სხვა გუნდებისგან დაინტერესება? სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე ჯერ დროა, ამიტომაც კონკრეტულ კლუბზე არავინ დამკავშირებია, ისე კი რაღაც დაინტერესებების შესახებ მსმენია. "შლიონსკში" კმაყოფილი ვარ, მაგრამ რა თქმა უნდა, უკეთეს ლიგაში წასვლა, განვითარება და პროგრესირება მსურს. ჩემს საქმეს ვაკეთებ, ასე გავაგრძელებ და რაც მოხდება, ეს უკვე ღმერთის ნება იქნება".
დვალი 21 წლისაა და საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, ეროვნულ ნაკრებში კი 2015 წლის 29 მარტს გერმანიასთან ჰქონდა დებიუტი. პოლონეთში კარგი პრესა აქვს და მთლიანობაში, იქაური ჩემპიონატის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მცველადაც კი მიიჩნევენ.