ფეხბურთი

19:48 | 15.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

"იმერეთი" გათამაშებიდან მოხსნეს, "ლიახვი" ჯარიმით და 6 ქულის ჩამოკლებით დაისაჯა

15 ნოემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის სხდომა გაიმართა.

ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მთავარი საკითხი პირველი ლიგის მორიგ მატჩზე მიღებული უეფას თაღლითური ფსონების ამოცნობის სისტემის ანგარიში იყო. 8 ნოემბერს, ხონის "იმერეთისა" და ცხინვალის "ლიახვის" მატჩის შედეგზე (5:1) მოხდა საეჭვო მანიპულირება, რასაც თფა-ს რაპორტი ადასტურებს. სადისციპლინო კომიტეტი დამატებით გაეცნო ფირს, მოუსმინა მხარეებს და გამოიტანა შემდეგი გადაწყვეტილება:

მატჩის შედეგი გაუქმდა. ხონის "იმერეთი" რაპორტში ზედიზედ მეორედ მოხვედრისა და სხვა მამხილებელი გარემოებების გამო მოხსნილია გათამაშებიდან, გაუნულდა აქამდე დაგროვილი ქულები და დარჩენილ მატჩებში ჩაეთვლება 0:3 წაგება. გუნდის მენეჯერ სოსო ჩაკვეტაძეს სამუდამოდ აეკრძალა ფეხბურთთან დაკავშირებული საქმიანობა.

ცხინვალის "ლიახვი" დაჯარიმდა 10 000 ლარით და ჩამოაკლდა 6 ქულა.

სადისციპლინო კომიტეტის განცხადებით, ფედერაციას მიეცა მითითება, რომ გააგრძელოს მუშაობა სხვა შესაძლო დამნაშავე პირების გამოვლენისა და შუამდგომლობის წარმოდგენის შესახებ.

სხვა საკითხებზე სადისციპლინო და დავების განმხილველმა კომიტეტმა ასეთი გადაწყვეტილებები მიიღო: მეორე ლიგაში ოჩამჩირის "ამირანს" ფეხბურთელის არამართლზომიერი მონაწილეობის გამო "ალგეთთან" მატჩში ჩაეთვალა 0:3 წაგება, ჩამოაკლდა 3 ქულა და დაჯარიმდა 400 ლარით.

ასევე მეორე ლიგაში, "ვარკეთილი"-"შევარდენის" მატჩში მოედანზე შესვლისა და მსაჯისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო სტუმართა გუნდის უფროსი გიორგი ნემსაძე დასჯილია 3 მატჩით და 400 ლარით.

0.117241