ფეხბურთი

19:14 | 14.11.2016 | ნანახია [] - ჯერ

U19 - ბოლო ადგილი უქულოდ და გატანილი გოლის გარეშე

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა თბილისის ოთხთა ტურნირზე ასპარეზობა წარუმატებლად დაასრულა – გიორგი ყიფიანის გუნდმა დღეს, “მიხეილ მესხის” სტადიონზე ჰოლანდიის შესაბამის ასაკობრივ გუნდთან მშრალი ანგარიშით წააგო – 0:1.

პირველ ტაიმში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. რაც შეეხება მეორე ტაიმს, შეცვლაზე შემოსულმა კაის სიენისმა ანგარიში გახსნა, რომლის წყალობითაც შეხვედრის ბედი გადაწყდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ნაკრებმა ამ ტურნირის განმავლობაში მეტოქეთა კარში გოლი ვერ გაიტანა, საკუთარ კარში კი 8 უპასუხო გოლი მიიღო.

მატჩის შემდეგ გიორგი ყიფიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ერთადერთი დადებითი, რაც ამ ტურნირისგან მივიღეთ მეტი გამოცდილებააო, თუმცა უარყოფითი მხარეებიც ძალიან ბევრი გვაქვს და შემდგომში აუცილებლად გამოვასწორებთო.

მართალია, ეს ტურნირი ამხანაგური იყო და მოსამზადებელ ხასიათას ატარებდა, მაგრამ ამ გუნდით მომავალში სერიოზული მიზნების დასახვა და მითუმეტეს შესრულება ძალიან ძნელი იქნება.

ბოლო ტურის მეორე შეხვედრაში საფრანგეთისა და და ესპნეთის ნაკრებები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. პირველ ტაიმში საფრანგეთს რეალური შანსი ჰქონდა ესპანეთთან წონასწორობა აღედგინა, თუმცა მათ ეს მომენტი ვერ გამოიყენეს და თერთმეტ მეტრიანი ნიშნულიდან დარტყმული გააცუდეს, რომლითაც ესპანეთმა ლიდერობა შეინარჩუნა. მეორე ტაიმის მიწურულს კი ესპანეთმა ანგარიში გაზარდა და თამაში 2:0 დაასრულა.

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი - ესპანელი კარლეს ალენა გახდა, რომელსაც დავით ყიფიანის სახელობის პრიზი გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ოთხთა ტურნირის გამარჯვებული ესპანეთის U19 წლამდელთა ნაკრები გახდა - ესპანელებმა სამივე თამაში მოიგეს და ჯამში 9 ქულა დააგროვეს. მეორე ადგილზე 4 ქულით საფრანგეთი განთავსდა, მესამეზე - ჰოლანდია 4 ქულით, რაც შეეხება საქართველოს, 3 წაგებული შეხვედრით და შესაბამისად 0 ქულით, ცხრილის ბოლოში აღმოჩნდა.

საქართველო (U19) – ჰოლანდია (U19) 0:1 (0:0)

თბილისი, “მიხეილ მესხი”

საქართველო: გუგეშაშვილი, მალი, კობოური, სამურკასოვი, საგრშვილი, (ვარძელაშვილი), არაბიძე (ფოჩხუა), ხუბაშვილი, ხარაბაძე , ჩაკვეტაძე (არველაძე) , ქავთარაძე (ჩოგაძე) კოჩორაშვილი.

მწვრთნელი: გიორგი ყიფიანი

ჰოლანდია: ბიჯლოუ, ზიფუიკი, დე ლიგთი, დე ვითი, დილროსუნი (რუიჯენი), სეირჰუისი, ბიჯლეველდი (კუპმეინერსი), კლუივერტი (ჩონგი), ჰუგმა, ვიჯნდალი, ველანასი (დუინი)

მწვრთნელი: მარტენ სტეკელენბურგი

გოლი: კაის სიენისი

მსაჯი:ტიჰომირ პეჯინი (ხორვატია)

0.123352